"ქართული ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას აანონსებს, ეს მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობა" არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადდება. მმართველი გუნდი ამბობს, რომ მანდატების გაუქმება, ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იქნება.
ოპოზიციის ნაწილი, "ქართული ოცნების" გზავნილს მუქარად აღიქვამს, ნაწილი კი რევანშზე საუბრობს.
"შემდეგი მოწვევის პარლამენტში "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ ექნება, ისინი ვერ დააკომპლექტებენ მთავრობას, "ქართული ოცნება“ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ამიტომ აბსოლუტურად მშვიდად ვარ, მათი ეს დამუქრებები და ბოდვითი დაპირებები დღის სინათლეს ვერ ნახავს. დაითვალონ თავიანთი მანდატები,"- აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” სერგო ჩიხლაძე.
საბა ბუაძე კი აცხადებს, რომ "კობახიძის ამ გზავნილების არავის ეშინია":
"კობახიძის ამ გზავნილების არავის ეშინია. ის ახლა ცდილობს, მოაყოჩაღოს საკუთარი ამომრჩეველი, საუბარი აკრძალვაზე, მათი შიშისა და სისუსტის დემონსტრირებაა და თუ მაინც უნდათ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულზე საუბარი, ის ბოროტმოქმედები საკუთარ რიგებში მოიკითხონ,"- აღნიშნავს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კოალიცია ”ძლიერი საქართველო” საბა ბუაძე.