შეუჩერდებათ თუ არა მომავალ პარლამენტში კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო მანდატები, ეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთაზე იქნება დამოკიდებული. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ რისკის წინაშე პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობა" დგას. მათ გასამართლებასა და არაკონსტიტუციურად ცნობაზე მუშაობას სახელისუფლებო ძალა არჩევნების შემდეგ აანონსებს. "ქართულ ოცნების" განცხადებით, მათი მიზანია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ისეთი პარტიები იყვნენ, რომელთა ინტერესიც ქვეყნის ინტერესებს ემთხვევა.
"ნაციონალური მოძრაობა" და მათი ამჟამინდელი მოკავშირეები, გიორგი გახარიას პარტია, "ლელო" - ეს იმ პოლიტიკური ძალების ჩამონათვალია, რომლებსაც "ქართული ოცნება" კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" უწოდებს და ამბობენ, რომ გამოძიების ინტერესის ობიექტები ეს პარტიებიც უნდა გახდნენ. ადრესატები მათ გასამართლებას და მანდატების შეჩერებას არ ელოდებიან. აცხადებენ, რომ მომავალ პარლამენტში "ქართულ ოცნებას" მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი არ ექნება და ამ შინაარსის განცხადებებს, ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მცდელობას უწოდებენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ირწმუნებიან, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ამომრჩევლის დაკვეთაა. ამბობენ, იმასაც, რომ ამ გადაწყვეტილებას გასულ წლებში ობიექტური მიზეზების და ქვეყნის ინტერესების გამო ვერ იღებდნენ. ახლა კი ეს ბარიერი მოხსნილია და პროცესები ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში უნდა გადავიდეს.
რა შემადგენლობით დაკომპლექტდება მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ეს 2 თვეში, 26 ოქტომბრის შემდეგ გახდება ცნობილი.