"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა თავის სიტყვაში მთავარ მიღწევაზე, მშვიდობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოუტანა საქართველოს და თითოეულ მოქალაქეს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, არცერთი მმართველის დროს არ გვქონია ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი.
"დღეს თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, თავს არ შეგაწყენთ და არ ჩამოვთვლი იმ სიკეთეებს რაც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების შემდეგ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და ჩვენი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოუტანა საქართველოს და თითოეულ რეგიონს, ჩვენს მოქალაქეებს. ყველას კარგად გვახსოვს როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და როგორ შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, რამდენჯერ გაუმჯობესდა სიტუაცია ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, მაგრამ დღევანდელ გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება მინდა დავუთმო ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიღწევას რაც ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების“ მმართველობამ მოუტანა საქართველოს და თითოეულ მოქალაქეს - ეს არის მშვიდობა!
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, არცერთი მმართველის დროს არ გვქონია ასეთი ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი. ბოლო 12 წელია ქვეყანაში გვაქვს უპრეცედენტო, უწყვეტი მშვიდობა, არ გვქონია ომი და არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, რაც არასდროს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არცერთი მმართველის დროს არ მომხდარა საქართველოში! 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა გადაიტანა სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, სამოქალაქო ომი, ომები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, გმირი ჯარისკაცები და გმირი პოლიციელები, საკუთარ ქვეყანაში დევნილობაში უწევს ცხოვრება რამდენიმე ასეულ ათას მოქალაქეს, გამოვიარეთ უკიდურესი ეკონომიკური კრიზისი და სიდუხჭირე, სააკაშვილის ავტოკრატიული მმართველობა, ჩაგვრა, უსამართლობა, ხალხის დახოცვა, ტანჯვა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, მედიის, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, მუდმივი, უწყვეტი ქაოსი, უსამართლობა და განუკითხაობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.