"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გზავნილები და საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა ამბროლაურში, დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებას" საზოგადოებისთვის შესათავაზებელი აღარაფერი აქვს, ამიტომ გამოგონილი თემებით ცდილობს მოსახლეობის გულის მოგებას.
"ქართულ ოცნებას" ქართული საზოგადოებისთვის არანაირი შეთავაზება არ აქვს. ამიტომ, ის ლაპარაკობს აბსოლუტურად გამოგონილ თემებზე და ერთ-ერთი ასეთი გამოგონილი თემაა ოპოზიციის გასამართლება და აკრძალვა. ისინი აანონსებენ, რომ ოპოზიცია უნდა გაანადგურონ," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
"ლელოს" წევრს, ანა ნაცვლიშვილს "ქართული ოცნების" გზავნილებს შორის ყველაზე საგანგაშოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ "ოცნება" კონსტიტუციის შეცვლას გეგმავს.
"ნაკლებად ვდარდობ იმაზე, რას ამბობს ის ოპოზიციასთან მიმართებაში. მთავარი ამბავი, შემდგარი ფაქტი, სამწუხაროდ, არის ის, რომ ის განადგურებით ემუქრება მთელს ქვეყანას. გამოაცხადა, რომ მას სურს შეცვალოს ამ ქვეყნის კონსტიტუცია. კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი, მთლიანი, განუყოფელი სახელმწიფო. რა არ მოსწონს? რომელი ჩანაწერი არ მოსწონს?" - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
"საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია აგებულია არა პოზიტიურ დაპირებებზე, არამედ ტყუილზე.
"რეალურად, ის საკითხები, რომელიც ჩამოთვლილია - პარტიის გასამართლება, "ნაცმოძრაობის" დანაშაულების გამოძიებები და ა.შ. ამას არანაირი საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება. ეს ადასტურებს, რომ მთელი პროპაგანდა, "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია დაფუძნებულია ტყუილზე. ხელისუფლება, რომელსაც პოზიტიური დაპირების გაცემის ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია, არის დამარცხებული," - აცხადებს ანა ბუჩუკური.
ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რისთვის უნდა გააკეთოს მოსახლეობამ 26 ოქტომბერს ისტორიული არჩევანი და რისთვის სჭირდება "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა.
მისი სიტყვებით, ეს არის გარანტირებული, გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება, ქართული პოლიტიკიდან "ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშორება, ჩადენილი დანაშაულებისთვის პარტიის გასამართლება და დასჯა, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", კონსტიტუციური კანონპროექტის მიღება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი გააკეთა მეოთხე პუნქტზეც, რომელსაც "ოცნება" საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.