ომსა და მშვიდობას შორის არჩევანის გაკეთების აუცილებლობაზე, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ამბროლაურში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა. ბიძინა ივანიშვილმა, ის ძირითადი მიზნები კიდევ ერთხელ ჩამოთვალა, რომლის მიღწევაც სახელისუფლებო პარტიას 113 - მანდატიანი ნდობის მიღების შემთხვევაში სურს.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური სივრციდან სამართლებრივად გაქრობა, ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობად მიაჩნიათ "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებსაც. პოლიტიკოსების აზრით, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ქმედებებს და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს, შესაბამისი შეფასებები უნდა მიეცეს.
მმართველი ძალის დაპირებას "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებასთან დაკავშირებით, აბსურდულს უწოდებენ თავად ადრესატები. "ნაცმოძრაობასა" და მის საარჩევნო პარტნიორ "სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ ივანიშვილის სიტყვა საკუთარი მხარდამჭერების გასამხნევებლად გამოყენებული პოლიტიკური ტექნოლოგიის ნაწილია.
"ნაციონალური მოძრაობის" კანონგარეშე გამოცხადების დაპირება, არადემოკრატიულად გამოიყურება სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც. "ნაცმოძრაობისგან" ღიად დისტანცირების მიუხედავად, "ლელოსა" და გახარიას გუნდში ფიქრობენ, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის გასამართლება არალოგიკურია.
ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შემდეგ, ოპოზიციის რეაქციამ დაადასტურა, რომ განსხვავებებზე საუბრის მიუხედავად, ყველა პარტია "ნაცმოძრაობის" იდეური დანამატია - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის შეფასება. კანონმდებლები პოლიტიკური ველის გაჯანსაღებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს.
"ქართული ოცნება" აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მოსახლეობასთან შემდეგ მასშტაბურ შეხვედრას, მმართველი გუნდი 31 აგვისტოს - ოზურგეთში გამართავს.