16 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
საანგარიშო პერიოდში უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა - გივი მიქანაძე

უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში და უცხოური ძალების ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში - "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს თემაზე ბრიფინგი გაიმართა. დასახელდა კონკრეტული მაგალითები.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, "ენდიაის" მიერ დაფინანსებული და დაორგანიზებული შეხვედრები რეგიონებში, სადაც ოპოზიცია საარჩევნო დაპირებებზე საუბრობდა; რეგიონებში "დემოკრატიული ფესტივალის" ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები; "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ორგანიზებით, ბათუმში გამართული ერთობლივი შეხვედრა ოპოზიციის მონაწილეობით, სადაც "ოცნების" საწინააღმდეგო პროპაგანდა დაფიქსირდა და სოროსის ფონდის მიერ სოციალურ ქსელში ხელისუფლების საწინააღმდეგო შინაარსის ვიდეო კლიპების განთავსება.

"საანგარიშო პერიოდში უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ  დაფინანსდა და დაორგანიზდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების  შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

პირველი ასეთი შეხვედრა 17 ივნისს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა. მსგავსი შეხვედრები მომდევნო დღეებში შედგა ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და გორში.

შეხვედრის ორგანიზებაში NDI-ისთან ერთად ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი". 13 ივლისს, წნორში გაიმართა "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "გირჩის", "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერების შეხვედრა მოსახლეობასთან, რომლის თაობაზეც  თავად "ლელოს" ოფიციალური Facebook  გვერდიც იუწყება.

პარტია "ლელო" მადლობას უხდის NDI-ის კახეთის რეგიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობისათვის.  

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი ნათელი მაგალითიც არის რეგიონებში განხორციელებული ე.წ. "დემოკრატიის ფესტივალის" ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები. ამ კონსტრუქციულ სახელწოდებას ამოფარებული საარჩევნო კამპანიის დონორი ორგანიზაცია "დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტები“ იყო, რომელიც დანიის სახელმწიფო  ბიუჯეტით ფინანსდება და ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას ექვემდებარება.

პირველი ე.წ. "ფესტივალის" ღონისძიება 27 ივლისს წალენჯიხაში გაიმართა, რასაც 3 აგვისტოს თელავში და 10 აგვისტოს ქუთაისში მსგავსი ღონისძიებები მოჰყვა.

საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ე.წ. "დემოკრატიის ფესტივალში" მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ ეწეოდნენ წინასაარჩევნო აგიტაციას, არიგებდნენ პარტიის ბროშურებს და გასცემდნენ საარჩევნო დაპირებებს.

ე.წ. "ფესტივალზე" არაერთ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ბანერიც გამოიფინა მისი გათავისუფლების მოწოდებით" - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

დღის ამბები