16 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
არის მორიგი მცდელობა ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც არ აქვთ გავლენა - თინა ბოკუჩავა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზებაზე

მმართველი გუნდის მიერ საპატრიარქოს მიმართ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ პოპულიზმს ემსახურება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ხელისუფლების მცდელობაა, ხელში შაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც არ აქვთ გავლენა. 

"უმნიშვნელოვანესია თავად ეკლესიის პოზიციაც და რამდენადაც მეც მოვისმინე, მათთვისაც მიუღებელია ამგვარი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ჩემი აზრით, არის მორიგი მცდელობა ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც არ აქვთ გავლენა. პროპაგანდისტული საარჩევნო მიზნებისთვის სურს გამოყენება ჩვენის სარწმუნოების და ეკლესიის, რაც არის უძვირფასესი შემადგენელი ნაწილი საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისთვის", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ უკვე ერთი საათია საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა მიმდინარეობს. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, განხილვის თემაა ხელისუფლების შეთავაზება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხზე.

კონსულტაციებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად, საპატრიარქოს იურისტებიც ესწრებიან.

 

დღის ამბები