16 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
პირდაპირ ჩანს, რომ არსებობს სქემა, როდესაც ხდება ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების და მათ ამოფარებული პოლიტიკოსების მხრიდან თანხების შემოტანა საზღვარგარეთიდან ქართულ პოლიტიკაში - არჩილ თალაკვაძე

უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში და უცხოური ძალების ჩარევა წინასაარჩევნო პროცესებში - მმართველი გუნდი არასამთავრობოების ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაზე და უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტზე საუბრობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, საზოგადოებისთვის სიახლე არ არის ის, რომ ქართულ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობენ დონორი ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების მიმართ ნდობა, მმართველი გუნდის თქმით, საზოგადოების მხრიდან არის.

სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ უცხოური ძალის მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში აშკარაა, რაც მათი თქმით, არის მიუღებელი.

"პირდაპირ ჩანს, რომ არსებობს სქემა, როდესაც ხდება ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებული პოლიტიკოსების მხრიდან პირდაპირ თანხების შემოტანა საზღვარგარეთიდან ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ძალიან უხეში დარღვევა კანონის, საარჩევნო პრინციპების.

როდესაც სამოქალაქო საზოგადოები და არასამთავრობო ორგანიზაციები დგებიან პოლიტიკურ სცენაზე, აკეთებენ ოპოზიციური პარტიების საქმეს და მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ისინი პარტიები კი არა, არიან სამოქალაქო საზოგადოება - ეს აზიანებს მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების იდეას. სწორედ ამისთვის იყო საჭირო გამჭვირვალობის მექანიზმი, ისეთი როგორიც აქვს ევროკავშირის 12 ქვეყანას, ისეთი როგორიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისრაელს, ავსტრალიას, კანადას და არა ერთ სხვა დემოკრატიას მსოფლიოში. საქართველოს და ჩვენს საზოგადოებასაც ზუსტად ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ.

დღეს უკვე, რადგან კანონი არსებობს, რადგან ეს მექანიზმი დაინერგა, უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებმა გაიგონ თუ რა მექანიზმებითა და გვერდის ავლით ხდება ამ ფულის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები