საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ სარჩელებს განიხილავენ, სხდომა ცოტა ხნის წინ განახლდა. სხდომაზე ერთ საათიანი შესვენება იყო გამოცხადებული.
ამ წუთებში საკუთარ პოზიციას არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები წარადგენენ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ პლენუმს და ისაუბრონ არგუმენტებზე, თუ რატომ არის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მათთვის მიუღებელი.
სხდომაზე უკვე მოუსმინეს პრეზიდენტის წარმომადგენლებს. ძირითადი აქცენტი კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს შეეხებოდა.
მოსარჩელე მხარეები - პრეზიდენტი, ოპოზიციონერი დეპუტატები, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა, კანონის გაუქმება და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების შეჩერებაა.
ისინი თვლიან, რომ კანონის მიღება კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება.