"ქართული ოცნება" დონორებისა და NGO-ების ზაფხულის აქტივობებს აჯამებს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რეგიონებში მესამე სექტორის მიერ დაორგანიზებული შეხვედრები პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ღია მაგალითია.
ბრიფინგზე, რომელიც "ქართული ოცნების" ოფისში დღეს გაიმართა, გივი მიქანაძემ თქვა, რომ შეხვედრებში მონაწილეობას ოპოზიცია იღებდა, ისინი კი ამ პლატფორმას ამომრჩეველთან საარჩევნო გზავნილების გაჟღერებისთვის იყენებდნენ. შესაბამისად, მმართველი ძალის თქმით, ზღვარი პოლიტიკურ სუბიექტებსა და არასამთავრობო სექტორს შორის წაშლილია.
საკითხზე საუბარი არასერიოზულია ოპოზიციისთვის, იმ პარტიებისა და სუბიექტებისთვის, რომლებიც რეგიონებში გამართულ არაერთ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მმართველი პარტია ამ ფორმით, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს თავს ესხმის. უცნობია მესამე სექტორის პოზიცია - ისინი კომენტარის გაკეთებისგან კვლავ თავს იკავებენ.
ისინი ვინც, შეხვედრებში მონაწილეობას არ იღებდნენ, ამბობენ, რომ დამოუკიდებელი საარჩევნო კამპანია აქვთ, თუმცა, პრობლემას ფესტივალებსა და ღონისძიებებში, რომელიც რეგიონებში იმართებოდა ვერ ხედავენ.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ საერთაშორისო დონორი და ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებული ღონისძიებები პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა და ამას, მათი თქმით, არაერთი ფაქტი ადასტურებს. საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, დემოკრატიის ფესტივალის მაგალითზე, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ოპოზიცია საარჩევნო კამპანიისთვის უცხოურ ფულს არასამთავრობო სექტორის გავლით ხარჯავს.
პარტიების საარჩევნო კამპანიები და აქტივობები რომ სავარაუდოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ფინანსდება, რომლებიც თავის მხრივ, დონორი ორგანიზაციებისგან იღებენ თანხას - ანტიკორუფციულმა ბიურომაც დაადასტურა. მონიტორინგის შედეგები უწყებამ 2 დღის წინ გაასაჯაროვა.