საპარლამენტო უმრავლესობაში მეუფე ნიკოლოზს პასუხობენ და აცხადებენ, რომ გულდასაწყვეტია, როცა ეკლესიის როლის გაძლიერებას, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი დასცინის.
მმართველი გუნდის შეფასებით, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა სამწუხარო და გულდასაწყვეტი განცხადება გააკეთა, როდესაც გააქილიკა ინიციატივა კონსტიტუციაში ეკლესიის როლის გაძლიერებისა და მისი დაცვის შესახებ და ეს შეთავაზება წინასაარჩევნო მიზნებს დაუკავშირა.
შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც. ხელისუფლების ოპონენტები მეუფე ნიკოლოზის პოზიციას იზიარებენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა სწორედ არჩევნებს უკავშირდება.
"ნაციონალური მოძრაობაში" მეუფე ნიკოლოზის განცხადების განმარტებაც სცადეს და თქვეს, რომ ამ საკითხის განხილვა არჩევნებამდე არასწორია:
"ეკლესიას აქვს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი როლი, გავლენა, ჰყავს მილიონობით მრევლი, მათ შორის საქართველოშიც და ძალიან ბევრი თავისი გასაკეთებელი საქმე. სწორედ ამას გულისხმობდა მეუფე, როდესაც საუბრობდა. წინასაარჩევნოდ ამ ორი ინსტიტუციის დაკავშირება ერთმანეთთან არასწორია, არალოგიკურია. მე მოვისმინე მათგან, რომ დინჯად, მშვიდად შესაძლებელია მსჯელობა არჩევნების შემდეგო და არა წინასაარჩევნოდ,“ - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილმა.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კი, ეკლესიის წარმომადგენლები "ქართულ ოცნებას" ჩანაფიქრს მიუხვდნენ:
"ვნახეთ უკვე თავად ეკლესიის წარმომადგენლების პოზიციები. მე ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან კარგად მიუხვდნენ "ქართულ ოცნებას" ჩანაფიქრს. არ მგონია, რომ ვინმეს შეცდომაში შეყვანა მოახერხონ, რაც არ უნდა კეთილშობილად შეეცადონ შეფუთონ თავიანთი ინიციატივები,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.