საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა გრძელდება. სარჩელები წარდგენილი აქვთ პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს. ისინი კანონის გაუქმებას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების შეჩერებას მოითხოვენ.
სხდომაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" თინა ბოკუჩავა პარტიის მაისურით მივიდა. ბოკუჩავას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ თუკი აკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამას ქართველი ხალხი გააკეთებს.
"ახლა ჯერი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოზეა და თითოეულ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე. მე დარწმუნებული ვარ, თუკი ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამ კანონს ქართველი ხალხი გააჩერებს და გააუქმებს," - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
ავტორი: მარიამ ურუშაძე.