უმრავლესობის წევრი მეუფე ნიკოლოზს იმ განცხადების გამო დაუპირისპირდა, რომელიც სასულიერო პირმა ხელისუფლების ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა და შეთავაზება მათ საარჩევნო მიზნებს დაუკავშირა. გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ მიტროპოლიტმა კონსტიტუციურ დონეზე ეკლესიის როლის გაძლიერების წინადადება გააქილიკა, რაც ოპოზიციისთვის ერთგვარი გზავნილია. მაჭარაშვილის თქმით, ეს პოლიტიკურ მიკერძოებაზე მიუთითებს.
განცხადება მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან გუშინ გააკეთა, როდესაც საპატრიარქოში ხელისუფლების შეთავაზებას განიხილავდნენ. წინადადება ეკლესიის პოზიციების კონსტიტუციურად გამტკიცებას ეხება.
მეუფის განცხადება გააკრიტიკეს "ქართული ოცნების" წევრებმაც. თქვეს, რომ სასულიერო პირის ნათქვამმა ოპოზიციას სპეკულირების სივრცე გაუხსნა. მმართველ პარტიაში განმარტეს, რომ მათი ინიციატივა არსებული გამოწვევების ფონზე, ეკლესიის მიმართ სახელმწიფოს პრაგმატული დამოკიდებულების გამოხატულებაა, და არა ამომრჩევლის გულის მოსაგებად გაკეთებული შეთავაზება.
უმრავლესობისგან განსხვავებით, სასულიერო პირის განცხადება გაიზიარა და მოიწონა ოპოზიციამ. ხელისუფლების ოპონენტებმა სასულიერო პირის კომენტარის განმარტებაც სცადეს და თქვეს, რომ ინიციატივის განხილვა არჩევნებამდე არასწორია.
სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ მათი კონსტიტუციური წინადადება მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვისკენაა მიმართული, მათ შორის, ოპოზიციის თავდასხმებისგან. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი მიზანი საეკლესიო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის გაძლიერებაა, რაც საკანონმდებლო ინიციატივის სახეს მხოლოდ საპატრიარქოსთან შეთანხმების შედეგად მიიღებს.
რა ფორმით შეიძლება გაძლიერდეს ეკლესიის როლი კონსტიტუციაში? - კონსულტაციები ისევ გრძელდება.