16 ნოემბერი 2024,   20:03
ვრცლად
აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძეს საქართველოს ვალი - ყოფილ ბანკირს ამ დრომდე არ გადაუხდია 650 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა, რომელიც მას პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკისრა

"ლელოს" ლიდერს მამუკა ხაზარაძეს ამ დრომდე არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც მას პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკისრა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ფრანგული არბიტრაჟის გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძეს ჯერ არ შეუსრულებია - დაკისრებული 650 000 დოლარი, პარტია "ლელოს" დამფუძნებელს ამ დრომდე არ გადაუხდია. მამუკა ხაზარაძე არბიტრაჟში ანაკლიის პორტის საქმეზე დაობდა, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის თანხის გადახდა დააკისრა. იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ სავალდებულო გადაწყვეტილების შესრულებისთვის კონკრეტული ვადები არ არსებობს, თუმცა, თუ ხაზარაძე პროცესს გააჭიანურებს, მაშინ უწყება სამართლებრივ ბერკეტებს გამოიყენებს.

მამუკა ხაზარაძის მხრიდან გადახდის გაჭიანურება სახელისუფლებო გუნდისთვის მოულოდნელი ქმედება არ ყოფილა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ არბიტრაჟში წაგებული სარჩელით, "ლელოს" ლიდერი სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდა.

"ლელოში" ამბობენ, რომ 650 000 დოლარი, რაც მამუკა ხაზარაძეს საერთაშორისო სასამართლომ დააკისრა, საარბიტრაჟო ხარჯია. როდის გადაიხდის მათი ლიდერი ამ თანხას, უცნობია. ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხი მათთვის მნიშვნელოვანი არ არის.

"ლელოს" ლიდერს რომ თანხის გადახდა მოუწევს, ამაში დარწმუნებულია გიორგი გახარიას გუნდიც, რომლის წევრებიც, მამუკა ხაზარაძისგან ახლა ცრუ ბრალდებების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ. "ლელოს" ლიდერმა არბიტრაჟს სწორედ გახარიას პრემიერობის დროს მიმართა.

როგორც სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება - 4 წლის წინ მიემართა საარბიტრაჟო დავისთვის, ანტისახელმწიფოებრივი ქცევის ნათელი მაგალითია. საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს თქვეს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, სახელმწიფო, თავის დროზე არაერთ დათმობაზე წავიდა.

ხაზარაძემ საქართველოს წინააღმდეგ ფრანგულ არბიტრაჟში საჩივარი 4 წლის წინ, მას მერე შეიტანა, რაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულება სახელმწიფომ 2020 წელს, ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით შეუწყვიტა. საერთაშორისო სასამართლომ რამდენიმე წლიანი განხილვის შემდეგ, მოსარჩელეს არცერთი პუნქტი არ დააკმაყოფილა.

 

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები