ორგანიზაცია "სირცხვილიამ" 2 დღეში 2-ჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, "სირცხვილიამ" დაადასტურა, რომ კანონი არავითარ სტიგმატიზაციას არ იწვევს და კანონში არაფერი ცუდი არ არის.
"რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და კარგია, თქვენ იცით, რომ „სირცხვილია“ იყო იმ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომლითაც ხდებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაპროტესტება და საბოლოო ჯამში, მთავარმა ორგანიზატორმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ კანონი არავითარ სტიგმატიზაციას არ იწვევს და კანონში არაფერი ცუდი არ არის, მათ შორის, კანონი არავითარ შეზღუდვებს არ აწესებს. ეს დაადასტურა გუშინ საკუთარი პირით "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ამ საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა.
რაც მოხდა დღეს, ესეც ძალიან საინტერესოა. თქვენ იცით, რომ ორგანიზაცია "სირცხვილია" თავად არის საქართველოში ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი შემომტანი და გუშინ ისინი თავად გახდნენ ლიბერალური ფაშიზმის მსხვერპლი, ამის გამო მოუწიათ იმ გადაწყვეტილების გადახედვა, რომელიც გუშინ მიიღეს. აქედან ჩანს, რა მძიმე ძალაა ის ძალა, რომელსაც უწევს საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი იდეოლოგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. სიძულვილი, აგრესია, ფაშიზმი, ეს არ არის საქართველოსთვის მისაღები მოვლენა. შესაბამისად, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც უნდა აიკრძალოს "ნაცმოძრაობა", არის სწორედ ეს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი, სიძულვილი, აგრესია, ქართველებისთვის ეს არ არის შინაგანად მისაღები მოვლენა", - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, მოძრაობა "სირცხვილიამ" გუშინ, 30 აგვისტოს განაცხადა, რომ "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" დარეგისტრირდებოდა; დღეს კი ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა."