"სახალისო ამბავი დარჩელიდან: ენმ-მ ჩემს წინააღმდეგ "საბრძოლველად" მშობლიურ სოფელში ზარ-ზეიმით შტაბი გამიხსნა და თბილისიდან ყველა "ლიდერი" ჩამოიყვანა (ამ დროს ზუგდიდის შტაბი ჯერ არ გაუხსნიათ). ვინ იყო შეხვედრაზე: გახსნაზე არ მოსულა მათი დარჩელის ლიდერი; გახსნაზე არ მოვიდა სოფლის მოსახლეობა, მათივე აპრობირებული მეთოდებით საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანეს ხალხი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დელეგატი ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, დავით კოდუა, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" 9 წლიანი მმართველობის პერიოდში არც კი ახსოვდა, სად მდებარეობდა დარჩელი და მათ სოფლისთვის არაფერი გაუკეთებიათ. კოდუას თქმითვე, სრულიად ზუგდიდს ექნება მისი უდიდესი მხარდაჭერა, ვინაიდან, მმართველ გუნდს აქვს ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა, ოპოზიციის გეგმა კი შურისძიება და მეორე ფრონტის გახსნაა.
"სახალისო ამბავი დარჩელიდან: ენმ-მ ჩემს წინააღმდეგ „საბრძოლველად“ მშობლიურ სოფელში ზარ-ზეიმით შტაბი გამიხსნა და თბილისიდან ყველა „ლიდერი“ ჩამოიყვანა (ამ დროს ზუგდიდის შტაბი ჯერ არ გაუხსნიათ). ვინ იყო შეხვედრაზე: გახსნაზე არ მოსულა მათი დარჩელის ლიდერი; გახსნაზე არ მოვიდა სოფლის მოსახლეობა, მათივე აპრობირებული მეთოდებით საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანეს ხალხი. ჩამოსულებს შორის უმეტესობა იყვნენ უმძიმეს დანაშაულებში მხილებული ყოფილი ხელისუფლების სახეები; მთავარი მომხსენებელი იყო ადამიანი, ვინც სააკაშვილთან ერთად 2012 წელს ასობით მოქალაქე უკბილოდ დატოვა, იყვნენ ყოფილი ხელისუფლების ოდიოზური ფიგურები, რომლებიც მაშინ რეგიონის მასშტაბით იჭერდნენ და ავიწროებდნენ ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა. გამოჩნდნენ ადამიანები ვინც „ღამის ნოტარიუსების“ დახმარებით სხვისი ქონების დასაკუთრებით იყვნენ დაკავებული.
"ნაციონალურ მოძრაობას" 9 წლიანი მმართველობის პერიოდში ჩემი სოფლისთვის არაფერი გაუკეთებია (ვერ დაასახელებენ ვერცერთ პროექტს) - არც კი ახსოვდათ სად მდებარეობდა დარჩელი. ჩვენ: დავაგეთ ასფალტი სოფლის უმეტეს ქუჩაზე, ქუჩების უმრავლესობაზე მოწყობილია გარე განათების სისტემები, მოხდა სოფლის სრული გაზიფიცირება, მოვაწესრიგეთ სანიაღვრე სისტემები, აშენდა სოფელ განმუხურთან დამაკავშირებელი 12 მილიონიანი ახალი ხიდი, სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 2 საჯარო სკოლას, კიროვის უბანში ავაშენეთ 2 მილიონის ღირებულების ახალი სკოლა, მოსწავლეებს ემსახურება უფასო ტრანსპორტი, ავაშენეთ 3 მილიონამდე ღირებულების თანამედროვე საბავშვო ბაღი, მოეწყო ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი, დაიდგა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი, სოციალურად დაუცველი ჩვენი მოქალაქეებისთვის ავაშენეთ კერძო სახლები, მოეწყო ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობი, ხელი შეეწყო ბიზნეს სექტორს - ბრენდული სუპერმარკეტების ქსელის შემოსვლას სოფელში, სადაც დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოხდა სოფლის უბნების წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა სოფლის სრული ინტერნეტიზაცია, არაერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებს გაეწიათ დახმარება, აშენდა ახალი ევროპული სტანდარტის სამედიცინო ამბულატორია, რომელიც მთელ სოფელს ემსახურება, ადამიანები სარგებლობენ ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი მერიის შესაბამისი პროგრამებით.
დარჩელში დაიწყო ასათიანის ქუჩის ტაძრამდე მისასვლელი 1 მილიონ ლარამდე ღირებულების გზის საფარის მოასფალტების სამუშაოები, უახლოეს პერიოდში დაიწყება კუნოშის უბანში 5 მილიონამდე ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტებისა და ხიდის მშენებლობის სამუშაოები, ჩემს სოფელს და სრულიად ზუგდიდს ექნება ჩემი უდიდესი მხარდაჭერა - ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ განვავითაროთ ქვეყანა, როგორ შევიყვანოთ ქვეყანა ევროკავშირში, მათ კი აქვთ კონკრეტული გეგემა, როგორ იძიონ შური, როგორ გამართონ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი, როგორ შეიყვანონ საქართველო ჩიხში! 26 ოქტომბერს დარჩელი, ზუგდიდი და სრულიად საქართველო იტყვის სათქმელს! დროის ათვლა დაწყებულია!" - წერს დავით კოდუა.