16 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ეს კანონი არის ღირსების შემლახავი, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და რაც მთავარია, გამოიწვევს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას - ნინო დოლიძე

3 საათში, "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" რეგისტრაციის ვადა იწურება. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, რომელთაც შემოსავლის 20%-ზე მეტი, უცხოეთიდან აქვთ მიღებული, იუსტიციის სახლის ფილიალებს 6 საათამდე უნდა მიმართონ.

კანონის მიხედვით, რეგისტრაციის დროს, უნდა აისახოს ინფორმაცია წინა წელს მიღებული თანხის და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური წყაროს, ოდენობისა და მიზნების შესახებ. თუ ორგანიზაცია რეგისტრაციას თავს აარიდებს, ან დეკლარაციას არ შეავსებს, ის 25 000 ლარით დაჯარიმდება. არასამთავრობოების ნაწილი რეგისტრაციას არ აპირებს.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ გამჭვირვალობის კანონი ღირსების შემლახავია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს.

"ეს კანონი არის ღირსების შემლახავი, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და ასევე რაც მთავარია, ეს კანონი გამოიწვევს ევროინტეგრაციის პროცესისა და ზოგადად დემოკრატიული განვითარების შეჩერებას. ამიტომ, ცხადია, ისეთი კანონის შესაბამისად არ დავრეგისტრირდებით, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ და როგორც განვაცხადეთ - არ ვაპირებთ რეგისტრაციას და არც დავრეგისტრირდით," – განაცხადა ნინო დოლიძემ.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დამფუძნებლის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ორგანიზაცია ყველა სამართლებრივი გზით გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.

"თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდით და გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ ეს კანონი რეალურად არ ამუშავდეს საქართველოში. ამიტომაც, როგორც სასამართლოში, ასევე სხვა სამართლებრივი გზებით, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, ვეცდებით, რომ ყველა მეთოდი გამოვიყენოთ, რათა ეს კანონი რეალურად არ ამუშავდეს. არ ვაპირებთ დამორჩილებას იმ მოთხოვნებისადმი, რომელსაც ეს კანონი გულისხმობს,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

დღის ამბები