16 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
გამჭვირვალობის კანონი ადგენს გამონაკლისებს თუ რომელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებზე არ ვრცელდება აღნიშნული მოთხოვნები - იუსტიციის სამინისტრო

3 საათში "უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში" რეგისტრაციის ვადა იწურება. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, რომელთაც შემოსავლის 20%-ზე მეტი, უცხოეთიდან აქვთ მიღებული, იუსტიციის სახლის ფილიალებს 6 საათამდე უნდა მიმართონ.

კანონის მიხედვით, რეგისტრაციის დროს, უნდა აისახოს ინფორმაცია წინა წელს მიღებული თანხის და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური წყაროს, ოდენობისა და მიზნების შესახებ. თუ ორგანიზაცია რეგისტრაციას თავს აარიდებს, ან დეკლარაციას არ შეავსებს, ის 25 000 ლარით დაჯარიმდება. არასამთავრობოების ნაწილი რეგისტრაციას არ აპირებს.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, გამჭვირვალობის კანონი ადგენს გამონაკლისებს თუ რომელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებზე არ ვრცელდება საერთოდ აღნიშნული მოთხოვნები.

"კანონის მიხედვით, მხოლოდ ის სუბიექტები, ის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირები არიან ვალდებულები დარეგისტრირდნენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, რომელთაც კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული საერთო შემოსავლის 20%-ზე მეტია უცხოური ძალისგან მიღებული შემოსავალი - ასევე, ის კომერციული იურიდიული პირები, რომლებიც საქმიანობენ სამაუწყებლოში, ფლობენ საქართველოში მოქმედ ინტერნეტ დომენს ან ინტერნეტ ჰოსტინგს და აწარმოებენ მასობრივი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე ბეჭდური საშუალებებით და მათი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტია უცხოური ძალისგან მიღებული შემოსავალი.

ასევე, კანონი ადგენს გამონაკლისებს თუ რომელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებზე არ ვრცელდება საერთოდ აღნიშნული მოთხოვნები. ესენია: ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირები, ასევე სპორტის შესახებ კანონით გათვალისწინებული ეროვნული სპორტული ფედერაციები,“ - აცხადებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე.

დღის ამბები