რატომ ჩაიშალა თბილისში დანიური დაფინანსებით დაგეგმილი "დემოკრატიული ფესტივალის" შემაჯამებელი ღონისძიება - ორგანიზატორებს და საელჩოს განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ბათუმში გაუქმებული ღონისძიების შემდეგ დაანონსებული იყო, რომ დედაქალაქში 30 აგვისტოს "დემფესტი" ჩატარდებოდა, თუმცა ღონისძიება გაუქმდა.
ოპოზიციაში ღონისძიების გაუქმებას "ქართული ოცნების" რიტორიკას უკავშირებენ.
"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, მისი ინფორმაციით, იყო სერიოზული პოლიტიკური ხელის შეშლას.
"რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ადგილი ჰქონდა ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ხელის შეშლას, მათ შორის, ლოჯისტიკური მიმართულებით. რაც შეეხება დეტალებს, მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე არ წარმოვადგენ ორგანიზატორს. მე, როგორც ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ვმონაწილეობდი ხოლმე ამ ფორმატში," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოსწონდათ მსგავსი ღონისძიება ქვეყანაში და შესაბამისად, ეს არის მიზეზი "დემოკრატიული ფესტივალის" შემაჯამებელი ღონისძიების ჩაშლის.
"ამ მოღალატური რეჟიმის მცდელობით და ძალიან დიდი მონდომებით, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაჩერებული გვაქვს და ეს გაცხადებული აქვს სამწუხაროდ ევროკავშირს. აქედან გამომდინარე, არ მოსწონს მას არც "დემოკრატიის ფესტივალი" და არც რაც კი მართლა დემოკრატიულია. ეს არის მიზეზი, მათი მხრიდან ამ პოზიციისა და ამ დამოკიდებულებისა, ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც ყველა პარტია იყო მიწვეული, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა," - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა შიდა პოლიტიკურ საქმეებში, უცხო ქვეყნის ჩარევაზე და უცხოური ფულით დაფინანსებაზე საუბრობს, რასაც ქართული კანონმდებლობა კრძალავს.