თბილისში დანიური დაფინანსებით დაგეგმილი "დემოკრატიული ფესტივალის" შემაჯამებელი ღონისძიების ჩაშლასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. საპარლამენტო უმრავლესობა შიდა პოლიტიკურ საქმეებში, უცხო ქვეყნის ჩარევაზე და უცხოური ფულით დაფინანსებაზე საუბრობს, რასაც ქართული კანონმდებლობა კრძალავს.
"სიყალბედ გამოიყურება ის, როდესაც "დემოკრატიის ფესტივალს" ატარებენ ადამიანები, ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც დემოკრატიის წინააღმდეგ მუშაობდნენ. მე მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, წინასაარჩევნო კამპანია, პოლიტიკური შეხვედრები, რაც არ უნდა ფესტივალებში, კონცერტებში თუ საღამოებში შეფუთონ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, თქვენ მაინც ყოველთვის გეცოდინებათ, თუ როდის ატარებენ ისინი წინასაარჩევნო კამპანიას, ვისი დაფინანსებით ატარებენ, სწორედ ეს გახდა სავარაუდოდ მიზეზი. მათ უკვე აღარ აქვთ სურვილი ეს ფესტივალი გააგრძელონ," - აღნიშნა პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით, აღნიშნული ღონისძიება კანონსაწინააღმდეგო იყო.
"ეს იყო უცხო ქვეყნის ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში. აი კახეთში რაც გააკეთეს, დემოკრატიის ფესტივალი დაარქვეს და უცხოელი დონორის ფულით, ეს უსამშობლოები ალაპარაკეს. ალანძღვინეს მმართველი პარტია და თავიანთი სიგიჟეების პრეზენტაცია ჰქონდათ. და როცა ამაზე სამართლიანად ვუთხარით, რომ არაფერში არ ჯდება, ეტყობა იქ ვიღაც არის ადეკვატური იმ პატრონებში და თქვეს, რომ ხომ, სანამ აგვიკრძალავენ საქმიანობას, შევაჩეროთ, მართლაც მიუღებელია, კანონთან საწინააღმდეგოა და ამიტომაც გაუჩერეს ეს სიგიჟე," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, ორგანიზატორებს და საელჩოს განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ბათუმში გაუქმებული ღონისძიების შემდეგ დაანონსებული იყო, რომ დედაქალაქში 30 აგვისტოს "დემფესტი" ჩატარდებოდა, თუმცა ღონისძიება გაუქმდა.