საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ანა ბუჩუკურს მიმართა, არ გამოიყენოს სიტყვა სიყალბე, ვინაიდან სწორედ სიყალბე და ღალატი ასოცირდება პარტიასთან "გახარია – საქართველოსთვის".
"ეჭვი მაქვს, სიტყვა სიყალბე არის თქვენი პიარტექნოლოგის რჩევა. შესაძლოა, იგივე ამერიკელი ტექნოლოგი გყავთ, ვინც სხვას. იცით, სიყალბე რა იყო ქალბატონო ანა? თქვენი პარტიის თავმჯდომარე, უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც თქვენც ესწრებოდით, ყველას რომ გვარწმუნებდა ნიკა მელიასთვის მოგვეხსნა იმუნიტეტი და რომ მოვუხსენით, რომ მიგვატოვა იქ. ეს იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარის სიყალბე, ეს არის სიყალბე. ამიტომ, ორი სიტყვაა, რომელზეც ჩემი რჩევა იქნებოდა, თქვენმა პარტიამ არ გამოიყენოს, ეს არის სიყალბე და ეს არის ღალატი. ორი სიტყვაა, რომელიც თქვენს პარტიასთან ასოცირდება. ამიტომ შეეშვით ამ ტერმინოლოგიას, რადგან ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდებათ ყოველ ჯერზე", - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ანა ბუჩუკურს.