პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ამ წუთებში, დეპუტატები ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
მმართველი გუნდის პროექტით, ამნისტიის კანონის ძალაში შესვლისთანავე, ციხეს 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს, 5 000-ზე მეტი კი ეტაპობრივად გათავისუფლდება. პროექტს მხარს უჭერს "გირჩი", განხილვებში მონაწილეობას გეგმავს გიორგი გახარიას გუნდიც.
"ამნისტიის კანონი, მისი ძალაში შესვლისთანავე დაუყოვნებლივ გავრცელდება 1000-ზე მეტ პატიმარზე. გარდა ამ 1000-სა, ეტაპობრივად შეეხება 5 000-ზე მეტ პატიმარს. საერთო ჯამში, ის ეხება 6 000-ზე მეტ ადამიანს. ეს არის მასშტაბური ამნისტია და ყველა შესაძლო ვერსია, რაც პატიმრის რესოციალიზაციის მიზნებში ჯდება, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული. სასჯელს აქვს პრევენციული ორი მხარე, კერძო და ზოგადი პრევენცია. ორივე პრევენციიდან გამომდინარე, მიზნები არის უზრუნველყოფილი და როდესაც კანონმდებელს ასე მიაჩნია, ლეგიტიმური უფლება არსებობს, რომ სახელმწიფოს მიერ ამნისტია გამოიცეს", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.