29 სექტემბერი 2024,   09:21
ვრცლად
საარჩევნო კამპანიას ატარებდა და "ქართული ოცნება" მხარს უჭერდა, მაშინ "ოცნება" იყო ოცნება, ახლა თურმე, როდესაც აღარ სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, გახდა კოშმარი - არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტზე

თბილისში მყოფი ევროპელი სტუმრების მსგავსად მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა სალომე ზურაბიშვილმაც. "გარდამტეხი წელი" - თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს პრეზიდენტმა უმასპინძლა. სიტყვით მიმართვის დროს, ზურაბიშვილმა მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა და მმართველი გუნდი გააკრიტიკა.

"საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. "ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება.

მე ვენდობი ქართველ ხალხს, ვენდობი რას იტყვის ის არჩევნებში ხმის მიცემით. ასე რომ, ამ საკითხში თქვენი საჭიროება არ დგას.

თქვენ უნდა აკონტროლოთ, თქვენ უნდა იყოთ ყურადღებით და წარმომადგენლობითად, როგორც დღეს ხართ. ჩვენ ჩვენი ნაწილი უნდა გავაკეთოთ, თქვენ კი თქვენი," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

საპასუხო კომენტარი გაკეთდა "ქართულ ოცნებაში", სადაც პრეზიდენტის მხრიდან არათანმიმდევრულ და უპასუხისმგებლო განცხადებებზე საუბრობენ. მათი თქმით, "ოცნების" ხელისუფლებამ შეძლო მშვიდობის დაცვა, ეკონომიკის გაორმაგება და არსებითი წინსვლა ევროინტეგრაციის პროცესში, ზურაბიშვილის განცხადება კი ამ ფაქტებს ვერ შეცვლის.

"საარჩევნო კამპანიას ატარებდა და "ქართული ოცნება" ამ კამპანიაში მხარს უჭერდა, მაშინ "ოცნება" იყო ოცნება. ახლა თურმე, როდესაც აღარ სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, თურმე გახდა კოშმარი. რა თქმა უნდა ეს არის არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო განცხადება.

სინამდვილეში, სწორედ "ქართულმა ოცნებამ" შეძლო ამ ქვეყანაში საზოგადოების მხარდაჭერით მშვიდობის დაცვა, უსაფრთხოების განმტკიცება, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის პროცესში არსებითი წინსვლის მიღწევა. ამ ყველაფრის შეცვლა, გადაწერა და გადაკეთება არის შეუძლებელი და რა თქმა უნდა ქალბატონი სალომე ამას რა შეფასებას მისცემს, ეს ისტორიას სულაც ვერ შეცვლის", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები