26 ოქტომბერს არის უმნიშვნელოვანესი და ამავდროულად მარტივი არჩევანი - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, დარწმუნებულია, ხალხს ამ არჩევანის გაკეთება არ შეეშლება.
"რამდენიმე დღის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული იქნა ინიციატივა, რომ საქართველოს ეკლესიის მნიშვნელობა და როლი სათანადოდ იქნას ასახული კონსტიტუციაში. მავანის მიერ ეს საკითხიც კი იქნა გამოყენებული პროვოცირებისთვის, თუმცა როგორც ყოველთვის, ესეც მცდელობის დონეზე დარჩა. 26 ოქტომბერს არის უმნიშვნელოვანესი და ამავდროულად მარტივი არჩევანი, პატრიარქის ქადაგება თუ მიხაილ როთის ლანძღვა ეკლესიის მიმართ; ქართველი მეფეების პატივისცემა თუ მეფეების მლანძღავი ბერძენიშვილის ბჟუტური; საშობაო ალილოზე მსვლელობა თუ გეი აღლუმების ჩატარება; 8 000 წლიანი ღვინის პატივისცემა თუ გვარამიას მხრიდან ღვინის რამდენიმე წლიანი შეურაცხყოფა; მონობა თუ სუვერენიტეტი; ომი თუ მშვიდობა. მე დარწმუნებული ვარ ხალხს ამ არჩევანის გაკეთება არ შეეშლება და როდესაც ამ არჩევანს გააკეთებს, ხალხის ძალას წინ ვერაფერი დაუდგება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.