"ოპოზიცია ტაშს და მოწონებას ელოდება უცხო ქვეყნებისგან და არა საკუთარი ხალხისგან. ამაზე მკაფიოდ მიიღებენ პასუხს 26 ოქტომბერს, ამ ცარიელი სკამებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვხედავთ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის უმეტესობა დღევანდელ განხილვას არ ესწრება და მკაფიოდ მიიღებენ პასუხს 26 ოქტომბერს.
"ოპოზიციის უმეტესობა არ ესწრება განხილვას, რაც საერთო ჯამში აჩვენებს რა არის მათი პოზიცია. მადლობა "გირჩს", რომ ესწრება განხილვას, მათ შორის, აქტიურად მონაწილეობს განხილვაში. ოპოზიციის მხრიდან რასაც ვხედავდით, ეს არის ზუსტად, რასაც ვეძახით გარე ძალებზე დამოკიდებულებას. მთლიანად ამ დისკუსიის პროცესში, რომელიც, მათ შორის, საკონსტიტუციო განხილვის დროს მიდიოდა, ვერც კი გაბედეს, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ. უფრო მეტიც, საყოველთაო განხილვის კომისიაში მონაწილეობდა პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წარმომადგენელი, შალვა კერესელიძე, რომელმაც ერთ-ერთი განხილვის დროს დააფიქსირა თავისი პოზიცია, როგორც ოჯახის მამისა და ამ პოზიციიდან გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა. შემდეგი ღონისძიებიდან პირდაპირ ჩახსნა ამ პარტიამ.
ვხედავთ, რომ მათი პოზიცია თავმჯდომარის, თუ რა ვიცი, რაც აქვთ პარტიულ დონეზე გახმოვანებული პოზიცია, უკვე ამ კანონის საწინააღმდეგო იყო. ესეც აჩვენებს, რომ პირდაპირ ადამიანებს სინდისში, მათ მორალურ აღქმაში, თუ პოლიტიკურ პოზიციაში დაცენზორებული ჰყავთ საკუთარი პარტიის წევრები. მიზეზიც გასაგებია. იყურებიან გარეთ, საქართველოს ფარგლებს მიღმა, საიდანაც ასეთი ტენდენციები მოდის. ელოდებიან მათ დასტურს ან მათ პოზიციას უყურებენ და იმის მიხედვით წყვეტენ. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ეს წინასაარჩევნო პროცესში, როდესაც დასტურს, ტაშს და მოწონებას ელოდებიან უცხო ქვეყნებისგან თუ პოლიტიკური ჯგუფებისგან და არა საკუთარი ხალხისგან. ამაზე მკაფიოდ მიიღებენ პასუხს 26 ოქტომბერს, ამ ცარიელი სკამებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვხედავთ", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას.