16 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
ყოფილი პრეზიდენტის "ლელოში" გაერთიანებაზე ინფორმაციას ოფიციალურად მხარეები არ ადასტურებენ - გიორგი მარგველაშვილმა "კურიერის" კითხვებს პასუხი არ გასცა

უერთდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი "ლელოს" გაერთიანებას - მეოთხე პრეზიდენტმა დღეს მასთან მისულ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს კომენტარზე უარი უთხრა.

"არ ხდება ასე ურთიერთობა. თქვენგან დამიკავშირდნენ და უარი ვუთხარი უკვე", - მიმართა "კურიერის" გადამღებ ჯგუფს გიორგი მარგველაშვილმა.

თავად "ლელოში" კი, ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა მათი ნაწილი ამბობს, რომ მარგველაშვილი "ლელოს" პოტენციური პარტნიორია.

პარტია"ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის განცხადებით, მარგველაშვილთან თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება აქვს, თუმცა ჯერ იმის თქმის საფუძველი, რომ ექსპრეზიდენტი "ძლიერ საქართველოს" შეუერთდება არ არსებობს.

"მოგეხსენებათ, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ვიყავი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მასთან თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება მაქვს. ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასურველი იქნება თუ ის იქნებოდა "ძლიერი საქართველოს" გვერდზე, თუმცა, ამ მომენტში, ამის დადასტურება არ შეგვიძლია. რაიმე ფორმალური ტიპის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. კოალიცია აუცილებლად გაფართოვდება, რა და როგორ მომავალში გავიგებთ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ გიორგი მარგველაშვილთან ერთად სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ასევე არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ფიქრია ჩიხრაძე და დავით გამყრელიძე.

დღის ამბები