წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტი 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
ორგანიზაციის განცხადებით, პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება, რომელსაც თან ახლდა ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერება კონსპირაციული თეორიებით.
"ოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიას საქართველო კვლავ ძლიერი პოლარიზაციით ხვდება და აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" ლიდერების დაპირება საკუთარ ამომრჩეველთან, თუ ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ, ისინი ოპოზიციურ გაერთიანებებს ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებენ. ეს არის ძალიან პრობლემური რიტორიკა.
ჩვენ ვიცით საერთაშორისო კარგი პრაქტიკა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ წამოიწყოს ისეთი პროგრამები თუ პროექტები, რომელიც შესაძლოა საარჩევნოდ მოტივირებულად ჩაითვალოს და გვქონდ ასეთი არაერთი ფაქტი", - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.