"ლაშა ბაქრაძის განცხადება ამორალურობაა და პროვოკაციის ნიშნებსაც შეიცავს, ასეთ პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის განცხადებას, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, მსგავსი განცხადებები აზიანებს წინასაარჩევნო პროცესსაც და შესაბამისად, აუცილებელია ის დამკვირვებლების ანგარიშებში მოხვდეს.
"ეს არის ამორალურობა და არაკაცობა. უბრალოდ, წარმოდგენაც კი არ შემეძლო. მათგან ხომ ყველაფერი უნდა წარმოიდგინო, მაგრამ წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ასეთ რაღაცას იკადრებდა ვინმე.
ხანდახან სახის შენარჩუნებას ცდილობენ ხოლმე და ამიტომ ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ რაღაცას იკადრებდა ვინმე. პრინციპში, ეს პროვოკაციის ნაწილიც არის. მარტო ის არ არის, რომ წარმოუდგენელი ხარისხის არაკაცობა, უზრდელობაა და ამორალურობაა, არამედ ამავდროულად, პროვოკაციის ნიშნებსაც შეიცავს, რადგან ვიღაცამ შეიძლება სადღაც მართლაც რაღაც მიაძახოს ან ამის გამო ვიღაც ფიზიკურად შეეხოს.
ყველას მოვუწოდებ, არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციაზე, დავგმოთ სასწრაფოდ და დავგმობთ კიდეც. წინასწარაც ვეუბნები ყველას, ასეთ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ და არ უნდა წამოვეგოთ, მაგრამ სიტყვით ყველა ვარიანტში პასუხი უნდა გავცეთ, რადგან მსგავსი ამორალურობა, არაკაცობა ბუნებაში არ არსებობს. ცოტა დაფიქრდეს ყველა, ვიდრე ლაპარაკობს. პროვოკატორები არიან ჩვეულებრივი და ასრულებენ დავალებას, რომ ახლა რაც შეიძლება უზრდელები უნდა იყვნენ, იქნებ ვიღაც პროვოკაციაზე წამოაგონ.
ანგარიშებში ბევრში არ მოხვდება, მაგრამ თუკი ვინმე ობიექტური იქნება, ბუნებრივია, ამის ანგარიშში არ მოხვედრა შეუძლებელია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა:
"დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და იმ "ნახმარ სახეებს," რომლებიც აქვთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს," - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.