"ოპოზიციის მხრიდან არჩევნების არაღიარების და დისკრედიტაციის შემცველი განცხადებები გვესმის. დისკრედიტაცია შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს გამოხატული. მათ ძალიან გაუჭირდებათ ხმის მიცემის პროცესის დისკრედიტაცია, რადგან ეს კანონმდებლობის დონეზე ისეა დარეგულირებული, რომ არგუმენტს ვერ დადებენ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მცდელობა იქნება, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს.
"ვინმეს თუ ჰგონია, რომ ასეთი რამე იშვიათობაა და საქართველოს ასეთი საფრთხეები არ ჰქონია, ცდება. აქ მხოლოდ გივი თარგამაძის მაგალითი არ არის გასახსენებელი. გაიხსენეთ, ერთ-ერთ მედიას როგორ დაუკვეთა სააკაშვილმა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ფეხმძიმე ქალის ცემა მოხდებოდა ან გვარამია დასისხლიანდებოდა. ასეთი მაგალითები მრავლად გვაქვს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ საზოგადოების რადიკალიზაციისთვის. ჩვენი მიზანია, არჩევნები კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს. ჩვენი რეიტინგი დამაჯერებელ წარმატებას აჩვენებს.
დაინტერესებული ვართ, რომ არჩევნების პროცესი დადებითი იყოს და, შესაბამისად, საერთაშორისოების მხრიდან დადებითად შეფასდეს. ჩვენი ინტერესია არჩევნების მშვიდ და წყნარ გარემოში ჩატარება, ოპოზიცია კი სიტუაციის დაძაბვისთვის წინასწარ ემზადება. ვიღაც ფიქრობს, რომ რაც 2020 წლის არჩევნებზე მოხდა, აღარ უნდა გავიხსენოთ, მაგრამ უპრეცედენტო შეტევა და თავდასხმა იყო. ამას საფუძვლად არაფერი ედო, თუმცა გაგრძელება მაინც მოჰყვა. იძულებული გაგვხადეს, შარლ მიშელის ფარგლებში ანტიკონსტიტუციურ შეთანხმებაზე მოგვეწერა ხელი. ვიღაცას ეს ზღაპარი ჰგონია, მოხდა და აღარ არის, მაგრამ დღეს ხელისუფლებაზე ზეწოლას ვერ ხედავთ? ყოველგვარი პროვოკაციის თაობაზე წინასწარ იქნება განცხადება გაკეთებული," - განაცხადა ქადაგიშვილმა.