პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. მანამდე პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი დეპუტატებმა მუხლობრივად განხილეს.
სხდომას მმართველ გუნდთან ერთად მხოლოდ "გირჩი" ესწრებოდა. ოპოზიციური ძალები, რომლებიც სხდომებს მეორე დღეა არ ესწრებიან, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. კანონპროექტი განსაზღვრავს ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასთან, სქესის შეცვლის ოპერაციასთან, განათლებასთან და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, საჭიროა მეტი კონკრეტიკა, რადგან პირველი და მეორე მუხლები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.
"ჩამოვყალიბდეთ რას ვკრძალავთ. ჩვენ კოსმეტიკურ ოპერაციებზე ვსაუბრობთ, რომ ვიზუალურად ქალი კაცს დაემსგავსოს ან პირიქით, თუ სქესის ცვლილებას აპირებთ, რადგან ეს წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც 1 და მეორე მუხლში წერია", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, სქესის შეცვლის ოპერაცია კოსმეტიკურ ოპერაციასთან არ უნდა გაიგივდეს, რადგან ეს წარმოუდგენელია.
"ეს არავითარი კოსმეტიკური ოპერაცია ეს არ არის, ეს წარბის ან ცხვირის კორექციას რომ გაუთანაბრო წარმოუდგენელია", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.