16 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
7 კვირა საპარლამენტო არჩევნებამდე და მოსალოდნელი პროვოკაციები - "ქართული ოცნება" ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმებზე საუბრობს

საარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში ჩატარება და ოპოზიციის მოსალოდნელი ქმედებები, დღეს, პრემიერ-მინისტრის და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ბრიფინგის მთავარი თემა იყო. ირაკლი კობახიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და მათი პარტნიორები ნებისმიერ ფასად შეეცდებიან საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას. მათ შორის, თავად ოპოზიციის ლიდერებზე ფიზიკური თავდასხმების დაორგანიზებით. პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ სწორედ აქედან გამომდინარეობს ის განსაკუთრებული ზომები, რომელიც მათ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოებისთვის მიიღეს. ამ კონტექსტში მან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით სუს-ში მიმდინარე გამოძიება და და მსოფლიო ლიდერებზე თავდასხმებიც ახსენა. ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან მოსალოდნელ რისკებს სამ კონკრეტულ ფაქტორს უკავშირებს.

პრემიერ-მინისტრი დღეს არჩევნების შემდეგ პერიოდსაც შეეხო და თქვა, რომ პარტიები, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების რესურსი არ აქვთ, აქტიურად მსჯელობენ იმაზე, თუ რა სცენარით შეძლებენ საზოგადოებაში მღელვარების ხელოვნურად გამოწვევას.

პრემიერის განცხადების ადრესატები ამბობენ, რომ დამარცხებას არც კი განიხილავენ და მათი ერთადერთი გეგმა სწორედ არჩევნებში გამარჯვებაა.

ოპოზიციის ნაწილი ღიად ამბობს, რომ ხელისუფლება მათგან პასუხს არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მიიღებს. ნაწილი კი ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს ოპოზიციის სურვილს არჩევნებისთვის ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა აიწიოს.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საფრთხეები რეალურია, რადგან დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე, ოპოზიციის ერთადერთი რესურსი პროვოკაციების მოწყობაა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი მიზანია მოსალოდნელი საფრთხეები პრევენცია, რაც პირველ რიგში საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება.

რამდენად მშვიდი იქნება არჩევნები და წინასაარჩევნო კამპანია ეს 26 ოქტომბრამდე გამოჩნდება, საპარლამენტო არჩევნებამდე 7 კვირაა დარჩენილი.

დღის ამბები