"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი ნანა კაკაბაძე ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გუშინ კოპენჰაგენის უნივერსიტეტთან ღაზაში ომის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს შვედი უფლებადამცველი გრეტა ტუნბერგი, თუმცა ეს არავის შეუფასებია, როგორც პალესტინელების მხარდამჭერი და ანტიებრაული, პროირანუ-ლი ან პრორუსული ჯგუფის საწინააღმდეგო პოლიტიკური აქტი, თბილისში 2 ნაცი ირაკლის დაკავება კი მაშინვე შეფასდა პრორუსული ხელისუფლების (ანუ პუტინის) დავალების შესრულებად.
კაკაბაძის თქმით, არჩევნებამდე დარჩენილ დროში კიდევ ბევრ ასეთ ბრძნულ და შორს-მჭვრეტელ შეფასებებს უნდა ველოდოთ და ყველამ ინდივიდუალურად გადავწყვიტოთ - ვიცინოთ თუ ვიტიროთ.
"ვიცინოთ თუ ვიტიროთ?!
გუშინ თბილისში და კოპენჰაგენში ორი გახმაურებული დაკავება მოხდა.
1. გუშინ ყველა ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა სასწრაფო ინფორმაცია, რომ გლდანში პოლიციას ადმინისტრაციული წესით ორი ცნობილი ნაცი, თბილისის საკრებულოს 2 წევრი, 2 ირაკლი - ეძგვერაძე და ნადირაძე დაუკავებია. პოლიცია აცხადებს, ჩვენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებას ვატარებდით, მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა, ხელის შეშლა და ჭყიპინი დაგვიწყო, აქ რა გინდათო, ამიტომ, რადგან მეტი გზა არ იყო, დავაკავეთ და მერე გავიგეთ, რომ ამ კაცის ზედმეტი სახელი "ჭყიპინა" ყოფილა, თორემ სულ არ ვიცოდით, ირაკლი ეძგვერაძე ვინ იყოო. მერე მოვიდა სხვა ახალგაზრდა და ახსნა-განმარტება მოგვთხოვა, მაგ კაცს რატომ აკავებთო, არ გვაძლევდა სამსახურებრივი ვალდებულების შესრულების საშუალებას, იძახდა, საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე ვარო. ესეც განვარიდეთ იქაურობას და მერე თვითონვე განუცხადა მედიას, თურმე ჩვენ იმიტომ გვაყოვნებდა, რომ ცდილობდა დრო გაეწელა, რათა ჟურნალისტები მოსულიყვნენო.
2. გუშინვე, მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კოპენჰაგენის უნივერსიტეტთან ღაზაში ომის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს შვედი უფლებადამცველი გრეტა ტუნბერგი და კიდევ 5 აქტივისტი. როგორც დანიის პოლიცია აცხადებს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაახლოებით 20-მა ადამიანმა უნივერსიტეტის შენობის შესასვლელი გადაკეტა. 2003 წელს დაბადებული ეს გოგონა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკიდან გახდა ცნობილი, როდესაც შვედეთის მთავრობის წინააღმდეგ აქტიური კამპანია წამოიწყო კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მოქმედების მოთხოვნით, 16 წლისამ გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე გამოსვლით გაითქვა სახელი, ხოლო 2019 და 2020 წლებში 17-18 წლის ასაკში ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი.
ამ ორ დაკავებას შორის განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მსოფლიოში ცნობილი შვედი უფლებადამცველის და მისი თანამზრახველების დანიაში დაკავება არავის შეუფასებია, როგორც პალესტინელების მხარდამჭერი და ანტიებრაული, პროირანუ-ლი ან პრორუსული ჯგუფის საწინააღმდეგო პოლიტიკური აქტი, თბილისში 2 ნაცი ირაკლის დაკავება კი მაშინვე შეფასდა პრორუსული ხელისუფლების (ანუ პუტინის) დავალების შესრულებად, ხოლო ნაცების პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პირდაპირ განაცხადა: "ეს ყველაფერი მესამე ირაკლის (კობახიძის) დაკვეთით მოხდაო".
მოკლედ, არჩევნებამდე დარჩენილ დროში კიდევ ბევრ ასეთ ბრძნულ და შორს-მჭვრეტელ შეფასებებს უნდა ველოდოთ და ყველამ ინდივიდუალურად გადავწყვიტოთ - ვიცინოთ თუ ვიტიროთ?“, - წერს ნანა კაკაბაძე.