თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა ევროკავშირის განცხადება - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის სახელით გამოქვეყნებულ ტექსტში წერია, რომ ევროკავშირი გმობს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციაში კონკრეტული შეფასებები არ კეთდება, თუმცა აცხადებენ, რომ მათთვის გასაგებია, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ მმართველმა გუნდმა ეს კანონპროექტი მხოლოდ არჩევნების გამო წამოწია, თუმცა, მათივე თქმით, საზოგადოებას სხვა მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებს.
"ქართული ოცნების" პროპაგანდასთან დაკავშირებით, მე დამატებით კომენტარებსა და განცხადებებს არ გავაკეთებ. გასაგებია, რომ კეთდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს და ჩვენი ყურადღება უნდა გავამახვილოთ ხალხის პრობლემებზე," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.
რაც შეეხება პარტია "საქართველოსთვის" წევრებს, მათი შეფასებით, მმართველი გუნდის ქმედებები ევროკავშირთან ურთიერთობაში დამაზიანებელია.
"დღეს ევროკავშირთან ურთიერთობაში თუ რამე არის დამაზიანებელი, ეს არის "რუსული კანონი" და ის, რასაც "ოცნება" აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი აბსოლუტურად მოგვარებადია.
ჩვენ მხარდაჭერას ვაპირებდით 2 კანონისთვის, რომლებიც უკავშირდება ბაღებსა და სკოლებში შეზღუდვა/აკრძალვას. ბავშვებთან დაკავშირებით, ნებისმიერი პროპაგანდა მიუღებელია," - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ინტეგრაციის გზაზე, მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა, სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული. "ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის" - წერია განცხადებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს.