ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის შეფასებით, ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, საქართველოს ხელისუფლება, პირველ რიგში, აკეთებს აქცენტს იმაზე, თუ რა არის ღირებული ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მისივე თქმით, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი მხოლოდ პრევენციული ხასიათისაა და, თუ ევროპელი პარტნიორები კანონის შინაარსს დაუკვირდებიან, მისივე განცხადებით, არანაირ უფლების შეზღუდვაზე საუბარი არ არის.
"ხალხის ძალის" წევრის, ეკა სეფაშვილის შეფასებით კი, შესაძლოა ევროკავშირის წარმომადგენელს სრული ინფორმაცია არ ჰქონდეს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამიტომაც, სეფაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებს, უფრო მეტად მოიძიონ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.
"ევროკავშირის წარმომადგენელს მე ვფიქრობ, რომ არ აქვს სრული ინფორმაცია ამ კანონპროექტის სრულ პაკეტთან დაკავშირებით. ეს კანონპროექტი, უპირველეს ყოვლისა, უფლებების დაცვასა და პროპაგანდას შორის მკვეთრ ზღვარს ავლებს. მე ვფიქრობ, რომ არავითარი სტიგმატიზირება არ არის და ეს არის ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ძალიან აქტიურად უწევენ პროპაგანდას რადიკალური მხარის წარმომადგენლები. მე მოვუწოდებდი ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომ უფრო კარგად მოეძიებინათ ინფორმაცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და არ დაეყრდნონ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მიერ მიწოდებულ განცხადებას," - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის სახელით გამოქვეყნებულ ტექსტში წერია, რომ ევროკავშირი გმობს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ინტეგრაციის გზაზე, მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა, სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული. "ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის" - წერია განცხადებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს.