ძალიან სამწუხაროა, რომ უცხოელი კოლეგებიც უერთდებიან იმ პათოსს, რომ ეს არის ცუდი, ლგბტ პროპაგანდის დასაცავად უნდა დავირაზმოთ თურმე მთელი საქართველო და ასეთი კანონები არ უნდა მივიღოთ. პირიქით, ასეთი კანონები უნდა მივიღოთ, იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობები, - ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ უცხოელების განცხადებები ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონის მიღების შესახებ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა კანონის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებაზე.
"მათ რომ მხარი დაეჭირათ [კანონპროექტისთვის], სერიოზულად მოხვდებოდათ პატრონებისგან, ძალიან სერიოზულად. როცა არ უჭერენ მხარს, სერიოზულად ხვდებათ ამომრჩევლისგან, ქართული საზოგადოებისგან და აქ არიან ახლა შუაში გაჭედილები. რეალურად, ყველა მათგანმა - "ნაცმოძრაობის" კლასტერმა, აგენტურული ოპოზიციის მთლიანმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობას, ისევე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭერენ მხარს - წინასწარ ვიცით და ქართლი საზოგადოებისგან მათ შორის ამისთვის ვითხოვთ ლეგიტიმაციას სხვა საკითხებთან ერთად, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ის თანამედროვე "ტრენდული" დაავადება, პროპაგანდა, რომელმაც შეიძლება სულ 2-3 თაობაში მოახერხოს ის, რაც ვერცერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა ამ ქვეყანაში", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.