"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, წყალტუბოში "ქართული ოცნების" წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა.
თვითმხილველები იხსენებენ, რომ გიგიაძე "ქართული ოცნების" შტაბში იმყოფებოდა, როცა გარედან შემოსული ხმაური მოესმა. გარეთ გასულს, მას "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე დახვდა, რომელიც პარტიის ოფისის მიმართულებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ნუცუბიძე "ქართული ოცნების" წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ოპოზიციის აქტივისტი პირადად ერმილე გიგიაძეს დაუპირისპირდა და რამდენჯერმე შეაგინა. ამის შემდეგ, "ქართული ოცნების" წევრი შეუძლოდ გახდა და, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზევე დაიღუპა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
თავად როლანდ ნუცუბიძე ფაქტს სიცრუეს უწოდებს და მომხდარის შესახებ საუბრობს.
"ასეთი არაფერი მომხდარა, ტყუილი ინფორმაციაა. ასაკიანი ხალხია, ჩემზე უფროსები არიან, ჩემთვის ჩავილაპარაკე - რა დროს მაგის დრო არის, ყანაა, ვენახია, იმას მიხედეთ - მეთქი. რას ჰქვია, შენ მაგ თქვიო და გამოვიდა 15-20 კაცამდე და ჩვენ, მე და ჩემი რძალი, კედელთან მიგვაყენეს და დაიწყეს ჩხუბი. პირადობა ვაჩვენე, ამერიკის მოქალაქე ვარ - მეთქი. ამ დროს, არც ვიცოდი, ეს კაცი საიდან გამოჩნდა, გავიდა მერე, ჩაიკეცა ეს კაცი და შეწუხდა", - განაცხადა როლანდ ნუცუბიძემ.