16 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია, "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა", თავისი ბუნებით და ბიოგრაფიით, არის ანტიევროპული და, რასაკვირველია, მათგან არ უნდა ველოდოთ არანაირი ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების მხარდაჭერას - არჩილ თალაკვაძე

მმართველი გუნდი ოპოზიციას გარე ძალების ინტერესების გატარებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებას" ამის მორიგ მაგალითად "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის" განხილვის დროს ოპოზიციის ბოიკოტი მოჰყავს. პარლამენტმა გუშინ კანონი მეორე მოსმენით განიხილა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი დარბაზში საერთოდ არ შევიდა, ნაწილმა კი მას მხარი არ დაუჭირა. "ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ ოპოზიცია ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას უჭერს მხარს.

"რეალურად, ამ აგენტურას ერთი ცუდი რამ სჭირს ამ კანონთან დაკავშირებით, მათ რომ მხარი დაეჭირათ, სერიოზულად მოხვდებოდათ პატრონებისგან, ხოლო როცა არ უჭერენ მხარს, სერიოზულად მოხვდებათ არჩევნებზე, მათ შორის, ქართული საზოგადოებისგან, შუაში არიან გაჭედილები. რეალურად, ყველა მათგანმა, "ნაცმოძრაობის" კლასტერებმა, აგენტურული ოპოზიციის მთლიანმა ნაწილმა, მთელმა შემადგენლობამ მხარი არ დაუჭირა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობას, ისევე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭირეს მხარს," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით კი, უცხოური გარე ძალები ოპოზიციას არ აძლევს უფლებას, მსგავს კანონპროექტებს მხარი დაუჭირონ.

"ეს რადიკალური ოპოზიცია, "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა", თავისი ბუნებით და ბიოგრაფიით, არის ანტიევროპული და, რასაკვირველია, მათგან არ უნდა ველოდოთ არანაირი ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების მხარდაჭერას. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ და არც უფლებას არ მისცემენ თავიანთი პატრონები, რომლებიც კულისებიდან მართავენ "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას," თავიანთი სატელიტებით, რომ ასეთ ინიციატივებს მხარი დაუჭირონ. ამით ისინი რჩებიან პოლიტიკურ ოფსაიდში, ასევე, რჩებიან საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების მიღმა," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები