16 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ირაკლი ეძგვერაძის გათავისუფლებას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა", წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ირაკლი ეძგვერაძის გათავისუფლებას ითხოვს. პარტიამ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან გამართა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ფაქტს პოლიტიკურ კონტექსტს უკავშირებს. 

"ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება იმ ადამიანებზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საარჩევნო კამპანიაში. ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა შეხვედრაზე ისინი აანონსებენ ძალადობას, არც მალავენ, რომ ვიღაცას გააქრობენ, ვიღაცას ენას ამოაძრობენ, ვიღაცას გაასამართლებენ, დაიჭერენ," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი - ირაკლი ნადირაძე, რომელიც მალევე, ხელწერილის საფუძველზე, გაათავისუფლეს.
ინციდენტი გლდანში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებას ატარებდა, რა დროსაც, იქვე მცხოვრებმა ეძგვერაძემ მის სახლთან მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები გააპროტესტა, მას სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეძგვერაძემ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა და არანაირი შეხება არ ჰქონია მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებასთან.

დღის ამბები