16 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
შეგიძლიათ ევროკავშირს ჰკითხოთ, რატომ აფარებს თავს და თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში კრიმინალი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შავი ფულით ერევა - შალვა პაპუაშვილი დავით კეზერაშვილზე

ყველა კითხვა მიემართება ევროკავშირისკენ და შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, რატომ აფარებს თავს და თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში კრიმინალი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შავი ფულით ერევა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

"საქართველოში მსჯავრდებული დავით კეზერაშვილი, რომელსაც 6 წელი აქვს მოსახდელი საქართველოში, 5 მილიონი ევროს მოპარვისთვის თავს აფარებს ევროკავშირს. ასე რომ ყველა კითხვა მიემართება ევროკავშირისკენ და შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, რატომ აფარებს თავს და თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში კრიმინალი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში შავი ფულით ერევა. რა კავშირი აქვს ამას ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან ან სხვა რაიმე პრინციპთან, რომელზეც მაღალი ტრიბუნიდან გვესაუბრებიან ხოლმე ჩვენ. რატომ უქმნის ევროკავშირის ტერიტორია თავისუფლებას კრიმინალს, რომელიც თავად ევროკავშირის ქვეყნების პენსიონერებს ძარცვავს. ამაზე ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ, თავი დავანებოთ იმას, რომ ქართულ მართლმსაჯულებასაა გაქცეული ეს ადამიანი.

ყოველ ჯერზე ჩვენ ვაკვირდებით, რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან გვესმის შენიშვნები საქართველოსთან, ქართულ მართლმსაჯულებასთან, ქართულ დემოკრატიასთან დაკავშირებით. ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და რომელიც საქართველოში აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს, ამ ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის ტერიტორიიდან. როდესმე ხომ უნდა დაესვას ამას წერტილი, ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, საქართველოს პროკურატურამ ქოლცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. უწყების ცნობით, ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დისა და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

დღის ამბები