რუსთავი 2-სა და მედია საშუალებების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული განცხადების პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ უჭერს.
უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.
"კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა, თუმცა პროვოკაცია უფრო უხეში სიტყვაა იმ დახვეწილ გეგმასთან შედარებით, რაც სახეზე გვაქვს. არავითარი ჩაგვრა არ მიმდინარეობს. მიმდინარეობს ელემენტარული პროცესი, როდესაც ადამიანებს აქვთ უფლება თავისი წართმეული ქონება მოითხოვენ, ამაში არ შეიძლება სახელმწიფოს არავითარი წვლილი მიუძღვოდეს, გარდა იმისა, რომ ატმოსფერო შექმნას სამართლისთვის, რომ სასამართლო იყოს სასამართლო,"-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის, თქმით, კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით პარლამენტმა არ შეიძლება, რომ პოლიტიკური განცხადება გააკეთოს.
ზურაბ ტყემალაძე რუსთავი 2-ზე მომზადებულ განცხადებას "მაპროვოცირებელს" უწოდებს.
ავტორი: ნატა მახვილაძე