17 სექტემბერი 2024,   13:58
ვრცლად
როდესაც ვხედავთ, რომ წახალისებულია ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, ვფიქრობ, ეს თავისთავად უკვე ზნეობრივად არასწორი საქციელია - შალვა პაპუაშვილი კონგრესში დაგეგმილ მოსმენაზე და ეკა გიგაურზე

"როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ წახალისებული და მოწონებულია ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, ვფიქრობ, ეს თავისთავად უკვე ზნეობრივად არასწორი საქციელია", - ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის კონგრესში, საგარეო საქმეთა კომიტეტში დაგეგმილ იმ მოსმენას ეხმაურება, სადაც ერთ-ერთი გამომსვლელი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაურია. 

შალვა პაპუაშვილი პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრობს. 

"წარმოიდგინონ, რომ ამერიკის მოქალაქე ჩადიოდეს სხვა ქვეყანაში, თუნდაც საქართველოს პარლამენტში მოდიოდეს და ამერიკის წინააღმდეგ აძლევდეს ჩვენებას. აი, ამასთან გვაქვს საქმე. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ წახალისებული და მოწონებულია ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, ვფიქრობ, ეს თავისთავად უკვე ზნეობრივად არასწორი საქციელია.

რაც შეეხება "საერთაშორისო გამჭვირვალობას" და მისი ხელმძღვანელობის ქცევას, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელსაც, პირველ ყოვლისა, ისინი საზღვარგარეთ ატარებენ, რადგან ოპოზიციას, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ჩათვლით, სურს, რომ თავი მოაწონოს არა ქართველ ხალხს, არამედ გარეთ, უცხოელებს. 

კიდევ ერთი სამარცხვინო ეპოქაა არასამთავრობო სექტორის ისტორიაში.

ჰელსინკის კომისიას და კონგრესს რაც შეეხება, რატომღაც საქართველო იქცა მათი გამოძიების თუ ყურადღების ობიექტად. მაშინ, როდესაც არის საკითხები, რომლებიც ტვირთად აწევს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ეხება, მათ შორის 2020 წლის არჩევნებზე ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებას. უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ USAID-მა, აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტმა, სამთავრობო დაწესებულებამ იცოდა, რომ შედეგები, რომლებიც ვრცელდებოდა, იყო ცრუ. ამას გვიმალავდა.

იმის გათვალისწინებით, რომ USAID-ი არის სახელმწიფო დაწესებულება, ფიზიკურადაც განთავსებულია აშშ-ის საელჩოში, რთულია დაჯერება, რომ აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა არ იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ცრუ.

როდესაც ვსაუბრობთ ჰელსინკის კომისიაზე, ეკა გიგაურის ჩვენებებს კი არ უნდა ისმენდეს საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, უნდა დაიწყოს კონგრესში გამოძიება იმის დასადგენად, თუ რა როლი ჰქონდათ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს წარმომადგენლებს ამ პროცესში," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები