"ჰელსინკის კომისიამ პირველ რიგში, უნდა გამოიძიონ, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს 2020 წელს პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში. ეს არის საჭირო და ქართველი ხალხი ამას მოელის", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჰელსინკის კომისიისთვის და კონგრესისთვის, რატომღაც საქართველო იქცა მათი გამოძიების ობიექტად, მაშინ როდესაც არის საკითხები, რომელიც ტვირთად აწევს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. მისი თქმით, ეს საკითხი უპირველეს ყოვლისა, ეხება, 2020 წლის არჩევნებზე ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებას.
"მგონი, ყველა აკვირდებით, რომ ბოლო პერიოდში დღე არ გადის, რაღაც განცხადებები არ კეთდებოდეს საქართველოსთან დაკავშირებით. უკვე კითხვებს ბადებს, საერთოდ რა არის ეს ინტერესი, რამდენად ჯანსაღია ეს ინტერესი წინასაარჩევნო პროცესის ფარგლებში.
ჰელსინკის კომისიას და კონგრესს რაც შეეხება, რატომღაც საქართველო იქცა მათი გამოძიების თუ ყურადღების ობიექტად, მაშინ, როდესაც არის საკითხები, რომლებიც ტვირთად აწევს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ეხება, მათ შორის 2020 წლის არჩევნებზე ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებას. უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ USAID-მა, აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტმა, სამთავრობო დაწესებულებამ იცოდა, რომ შედეგები, რომლებიც ვრცელდებოდა, იყო ცრუ. ამას გვიმალავდა, მათ შორის პირისპირ შეხვედრებზე არ გვითხრეს, რომ ეს იყო ცრუ შედეგები. იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის მხრიდან რადიკალური პროტესტი მიმდინარეობდა, ამ ფონს, ამას ეგუებოდნენ, ჩუმად იყვნენ. მაშინ არც ქართველ ხალხს უთხრა USAID-მა, არც საქართველოს ხელისუფლებას. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ USAID-ი არის სახელმწიფო დაწესებულება, ფიზიკურადაც განთავსებულია აშშ-ის საელჩოში, რთულია დაჯერება, რომ აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა არ იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ცრუ.
საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა ყველას იცნობს, მათ შორის დახურულ კარს მიღმა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უღიარებიათ, რომ ეს ინფორმაცია შიგნით ცნობილი იყო, თუმცა ყველა მალავდა ამას. ყველა შეჰყურებდა საქართველოს, შეჰყურებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ პროტესტს და ასე ეგუებოდა იმას, რომ საქართველო შეიძლება იმ დროს ჩავარდნილიყო არეულობის ქარცეცხლში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჰელსინკის კომისიას თუ უნდა, რომ მის სიტყვას ქართველი ხალხის თვალში დამაჯერებლობა ჰქონდეს, კონგრესში უნდა დაიწყოს გამოძიება იმის დასადგენად, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფოს წარმომადგენლებს და იცოდნენ თუ არა პარალელური დათვის ცრუ შედეგების შესახებ.
"ამიტომ, რა თქმა უნდა, ჰელსინკის კომისიაზე როცა ვსაუბრობთ, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ეკა გიგაურის ჩვენებებს კი არ უნდა ისმენდეს, პირველ რიგში, უნდა გამოიძიონ, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს 2020 წელს პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში. ეს არის საჭირო და ქართველი ხალხი ამას მოელის. სამწუხაროდ, ოთხი წლის თავზეც, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი არაერთხელ დამიყენებია დახურულ კარს მიღმა, ამაზე დამაჯერებელი პასუხი არ არის. ამიტომ, ჰელსინკის კომისიას თუ უნდა, ქართველი ხალხის თვალში მის სიტყვას დამაჯერებლობა ჰქონდეს, კონგრესში უნდა დაიწყოს გამოძიება იმის დასადგენად, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფოს წარმომადგენლებს ამ პროცესში. მგონი, ნათელია, რა მიზანი ჰქონდა ISFED-ს. მათ უნდოდათ, ძირი გამოეთხარათ ქართული დემოკრატიისათვის. რა მიზანი და მოტივაცია ამოძრავებდა აშშ-ის სახელმწიფოს წარმომადგენლებს, USAID-ი იქნება თუ სხვა, ეს უნდა დაადგინოს კონგრესმა.ვფიქრობ, თავის მოტყუება და თავის არიდება არის იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც აშშ-ის კონგრესს, როგორც ამერიკელი ხალხის წარმომადგენელს აქვს. მთელმა PVT-ის სკანდალმა უპირველესად დააზიანა ამერიკელი ხალხი და მათი ინტერესები საქართველოში, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ამერიკული დაფინანსებით აქ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა ვითარების არევას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.