რუსთავი 2-ისა და მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებულ განცხადების პროექტის ჩაგდებაზე მმართველი გუნდის არგუმენტები ოპოზიციის შეფასებით სუსტია.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ ზეწოლაზე საუბრობენ, რომელიც მათი თქმით მოახლოებულ არჩევნებთან პირდაპირ კავშირშია.
„ყველას კარგად ესმის რას აკეთებს ივანიშვილი თავისი პაიკების საშუალებით. მიმდინარეობს მცდელობა კრიტიკული აზრის ჩახშობისა იმისათვის, რომ მათი აზრით 2016 წლის არჩევნებზე არ ჰქონდეთ პრობლემა. თუ ბიძინა ივანიშვილს გონია, რომ ქვეყანას დაადუმებს და 2030 წლამდე წყნარად იჯდება ეს არ გამოვა. ხალხი არ დაუთმობს ივანიშვილს თავის განზრახვას, რომ აბსოლუტურ სიჩუმესა და ავტორიტარიზმში გამდიდრდეს თვითონ, გაყვლიფოს ქვეყანა, მოატყუოს ხალხი და გახდეს ამ ქვეყნის არაფორმალური იმპერატორი,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიცია პერმანენტული აქციებისთვისაც ემზადება.