"იცით როგორია მისი წარსული, ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანაშია ანტიკორუფციულის ხელმძღვანელია, როცა ასეთ ადამიანს ეკითხებიან ჭკუას საქართველოსთან დაკავშირებით ეს მეტყველებს სერიოზულ პრობლემებზე" - პრემიერ-მინისტრის განცხადების ადრესატი ეკა ტყეშელაშვილია, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერთან ერთად ბერლინში, 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა.
უკრაინაში იუსეიდის ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელის სტატუსით მან ფორუმზე სხვა მონაწილეებთან ერთად ისაუბრა იმაზე, თუ რა სცენარებია მოსალოდნელი არჩევნების შემდეგ და რა მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ღონისძიებები, რომელსაც მათი ოპონენტები უცხოელ აქტორებთან ერთად მართავენ, ადასტურებს, რომ ოპოზიცია რეალურად საარჩევნო კამპანიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ ატარებს და ამას შესაბამისი მიზეზი აქვს.
ტყეშელაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. სააკაშვილის პარტიაში ტყეშელაშვილზე საუბარს დღეს ანა ნაცვლიშვილზე საუბარი ამჯობინეს. განსხვავებით ლელოსგან, სადაც ნაცვლიშვილის გვერდით მჯდომზე უფრო მეტი თქვეს, ვიდრე საკუთარი გუნდის წევრზე. გაიხსენეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამ კონკრეტული მაღალჩინოსნის სახელს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები უკავშირდება, თუმცა ვერ ახსნეს - რატომ აღმოჩნდა მასთან ერთ პანელურ დისკუსიაზე ლელო.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ჩინოსნის ინტერესები დღეს მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა დაიცვა. გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ უკრაინაში მცხოვრები ტყეშელაშვილი გერმანიაში საქართველოს ეროვნული მიზნებისთვის ჩავიდა. ოპოზიციის სხვა ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ მსგავს აქტივობებს მხოლოდ წინასაარჩევნო გათვლა აქვს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტების საზღვარგარეთ ვიზიტები კონკრეტულ მიზნებს ემსახურება - დირექტივების მიღებას და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას. თუმცა სახელისუფლებო გუნდს კითხვები აქვს პარტნიორებთანაც - ამ შემთხვევაში გერმანულ ფონდთან, რომელიც ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია.
საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებთან დაკავშირებით პანელური დისკუსია ბერლინში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. კონრად ადენაუერის ფონდისა და ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრის ორგანიზებულ ფორუმს უცხოელი აქტორებიც ესწრებოდნენ. მათ შორის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის წევრი და გერმანიის ელჩი საქართველოში.