საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა იმაზე, თუ რატომ სჭირდება "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.
მისი განცხადებით, შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც სახელმწიფო მოწყობის გადახედვა გახდება საჭირო; ამ საქმეში კი "რადიკალური ოპოზიციის" მხარდაჭერის იმედი მმართველ გუნდს არ აქვს.
"იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სწრაფად იცვლება გლობალური დღის წესრიგი და გლობალური გეოპოლიტიკური კონტექსტი, ეს საკითხი, შეიძლება, ნებისმიერ დროს დადგეს დღის წესრიგში. როგორი რეაქცია აქვს ამასთან დაკავშირებით "ენჯეო" სექტორს (რადიკალებს ვგულისხმობ) და რადიკალურ ოპოზიციას, ბოლო 2 დღის განმავლობაში ვაკვირდები. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ როდესაც ჩვენი გამთლიანების საკითხი დღის წესრიგში დადგება და დაგვჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო მოწყობა უნდა გადაიხედოს, რა თქმა უნდა, რადიკალური ძალები ამაში მხარს არ დაგვიჭერენ. ამიტომაც გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.