მესამე სექტორსა და ოპოზიციას ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა. სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვეს გერმანიის საელჩო "ლელოს" გაერთიანების, "ნაციონალური მოძრაობის" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერებმა.
მათი თქმით, მიხეილ როთთან წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ძალიან მყარად დგანან ქართველი ხალხის გვერდით და ეს ვიზიტიც ამას მოწმობს. მეგობრები ძალიან მკაფიოდ გვეუბნებიან, რომ გადაირჩიეთ ეს მთავრობა, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, აირჩიეთ კოალიციური მთავრობა. რაც შეეხება მიხეილ როთს, "ქართული ოცნების" პროპაგანდა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო დატოვოს იზოლაციაში," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ გერმანია საქართველოს დემოკრატიულ კურსს მხარს უჭერს, თუმცა ე სშეიძლება შეიცვალოს არადემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შედეგად.
"დღეს ითქვა კიდევ ერთხელ, რომ გერმანია რჩება საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მხარდამჭერად, მთავარ პარტნიორად და გერმანიის მონაწილეობა, რა თქმა უნდა, იქნება სადამკვირვებლო მისიაში, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს დასავლურ კურსს და ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს ყველაფერი შეაჩეროს, არის არასწორად, არადემოკრატიულად, წნეხის ქვეშ ჩატარებული არჩევნები. ეს გზავნილი, მგონი, ძალიან მნიშვნელოვანია და ის უნდა მივიტანოთ ჩვენ ჩვენს ამომრჩევლამდე," - განაცხადა ანა დოლიძემ.
"როთი არის ქართველი ხალხის გამორჩეული მეგობარი. მან თბილისს დაარქვა ევროპის დედაქალაქი, როდესაც იყო აქციები და ეს არის ძალიან დიდი, აქტიური მხარდამჭერი ჩვენი ევროპული დღის წესრიგის. ამ წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოსვლა უკვე გზავნილია, ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიყოთ 27-თვის, რომ სწრაფად დაიწყოს ქვეყანამ ევროპაში ინტეგრაცია," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციასთან შეხვედრამდე, მიხეილ როთი მესამე სექტორს შეხვდა. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბოდიშის მოხდამდე, არ შეხვდება. მმართველი გუნდის წევრები ამ პოზიციას გერმანელი კანონმდებლის განცხადებებით და მის მიერ ანტი სახელისუფლებო აქციაზე მისვლით ხსნიან. ყველა ამ ქმედებას მმართველი ძალა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და უპატივცემულობად აფასებს.