ზიზღისა და ბულინგის ენა რადიკალური ოპოზიციური ჯგუფებისა და რადიკალური ენჯეოების აქტივისტებისგან მომდინარეობს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრა.
როგორც ლევან მაჭავარიანმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს განსხვავებული აზრი და ეს აზრი ოპოზიციის გარკვეული ჯგუფის შეხედულებებთან თანხვედრაში არ მოდის, მათთვის [ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის] მიუღებელია.
"რაც შეეხება ბულინგისა და სიძულვილის ენას, ეს არის ფსევდოლიბერალების ხელწერა. ეს ზიზღისა და ბულინგის ენა მომდინარეობს მათგან - რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების და რადიკალური ენჯეოების აქტივისტებისგან. არა მხოლოდ დეპუტატებსა და პოლიტიკოსებზე, არამედ შევხედოთ, სპორტსმენებზე როგორი ბულინგი მიმდინარეობს. ანუ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ ჯდება მათ დღის წესრიგში და აქვს განსხვავებული აზრი, ისინი ამას ვერ იტანენ. ეს არის ფაშისტური მიდგომა. ბატონმა გივი მიქანაძემ ძალიან დეტალურად ჩაშალა ეს პრეზენტაციაში თავისი მაგალითებით, თარიღებით და არგუმენტებით." - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის მხრიდან რადიკალური პროცესების გაღვივება მოიმატებს. მისი თქმით, ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი 26 ოქტომბრის საღამოსთვის ემზადება.
"ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ არის, ეს უფრო გახშირდება, რაც მივუახლოვდებით 26 ოქტომბერს. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რამდენად დიდი ანგარიშით მოუგებს "ქართული ოცნება" რადიკალურ ოპოზიციას. თვითონ რა კვლევებსაც ხატავენ, რომ, თითქოსდა, გიორგი მარგველაშვილი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია საქართველოში, თავისი დახატულია. შესაბამისად, მათი მთლიანი დღის წესრიგი აგებულია რადიკალური პროცესების გაღვივებაზე. ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოგვდის მათივე პარტიის წევრებისგან და დაგეგმილია, რომ მათი აგრესიის მსხვერპლი გახდნენ მათივე პარტიის წევრებიც, იქიდან გამომდინარე, რომ ტემპერატურა უფრო აიწიოს. ჩვენი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ყველაფრის პრევენციას მოახდენენ. ისინი ემზადებიან 26 ოქტომბრის საღამოსთვის. კამპანიასაც არ ატარებენ, ხალხშიც არ გადიან. მთლიანად დამოკიდებული არიან იმ მესიჯბოქსზე, რომელიც წამოვა მათი უცხოელი უფროსებისგან და დადიან საზღვარგარეთ, ნაცვლად იმისა, რომ გავიდნენ ხალხში,“ - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.