16 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ქართულმა სახელმწიფომ თავის თავში უნდა იპოვოს ძალა და ბოდიში მოუხადოს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ ომის შედეგად, სწორედ ეს არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი - სოზარ სუბარი

პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, დღეს, ქვეყნის უმთავრესი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ვიდრე ეს არ მოხდება, მანამდე ქართული სახელმწიფოს არსებობა მუდამ საფრთხის ქვეშ იქნება.

სოზარ სუბარის განცხადებითვე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა არის თანხმობის პოლიტიკა და ამ მიმართულებით პირველი, ძალიან გაბედული განაცხადი უკვე გაკეთდა და ეს განაცხადი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

"ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულმა განცხადებამ მკაფიოდ წარმოაჩინა ის გადაულახავი უფსკრული, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს, ერთი მხრივ, აგენტოკრატიას, რომელიც რადიკალი "ენჯეობისა" და რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი და მეორე მხრივ, ქართულ საზოგადოებას.

ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სწორედ ჩვენთვის და არავისთვის სხვისთვის და ეს თქვა სწორედ ბატონო ბიძინა ივანიშვილმა. ქართულმა სახელმწიფომ თავის თავში უნდა იპოვოს ძალა და ბოდიში მოუხადოს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ ომის შედეგად. სწორედ ეს არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი, რადგან ამის გარეშე ნებისმიერი ოცნება ქვეყნის გამთლიანებაზე იქნება ამაო. ვინც ამ გზაზე უარს ამბობს, მას არ უნდა მშვიდობა. მშვიდობის ალტერნატივა კი არის ომი, განადგურება," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა გორში, "ქართული ოცნების" რეგიონულ შეხვედრაზე განაცხადა: "არჩევნების დასრულებისთანავე აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

დღის ამბები