არ მჯერა, რომ ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება სანქციების თაობაზე, მე მგონია, რომ არაფორმალურმა ძალებმა მიიღეს ეს გადაწვეტილება, რომელთაც აქვთ გარკვეული გავლენები მის ადმინისტრაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეეხებოდა.
კითხვაზე, ექნება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია ამერიკის მხარესთან აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ კომუნიკაცია ბაიდენის ადმინისტრაციასთან შედგება და საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ღიაა შეხვედრების, დისკუსიებისა და კომუნიკაციისთვის.
"ბაიდენის მიღებული არ მგონია ეს გადაწყვეტილება და მგონი, საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში. საუბარია იმ ძალებზე, რომელთაც აქვთ არაფორმალური გავლენა მის ადმინისტრაციაზე. ბაიდენის ადმინისტრაციასთან გვექნება კომუნიკაცია, ალბათ პირადად მეც მექნება კომუნიკაცია, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციასაც გაგიზიარებთ. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ შეხვედრებისთვის, დისკუსიისთვის, კომუნიკაციისთვის. ამას ყოველთვის ვაფიქსირებთ და ჩვენი მხრიდან იდგმება ხოლმე ქმედითი ნაბიჯები, თუმცა სამწუხაროდ, მეორე მხრიდან ამას არ მოჰყვება ხოლმე სათანადო ნაბიჯები. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ პოლიციელების სანქცირებაზე. შეგახსენებთ, რომ ესენი არიან ის პოლიციელები, რომლებმაც რევოლუცია აარიდეს თავიდან ჩვენს ქვეყანას ორჯერ, 2020 წლიდან მოყოლებული. ასეთ დროს, საზოგადოებას უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ უნდა ვინმეს მესამედაც სცადოს საქართველოში რევოლუციის მოწყობა და დაასუსტოს პოლიცია, ამას ვერ ეღირსებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს განცდა ხომ რჩება. ეს დადებითად არ აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზე კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ, სამომავლოდ, ველით, ჯანსაღ და სწორ დამოკიდებულებას როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე ქართული საზოგადოების მიმართ" - განაცხადა პრემიერმა.