16 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
ეს სანტა-ბარბარა ბოლოსკენ უნდა გავიდეს დღეს საღამოს, მთავარი კონკურსი მიდის იმაზე, ვინ უფრო "მაჩოა" გახარიასა და ხაზარაძეს შორის, ახლა ერთმანეთს უმტკიცებენ, ვინ უფრო მაგარია - იაგო ხვიჩია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შესაძლო გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "დღის კურიერში" ისაუბრა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, მაშინ, როდესაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ბარიერის გადალახვის გამოწვევა აქვს, წყენებს მარტივად ივიწყებს. მისივე თქმით, "ლელოს" და გახარიას გუნდს ერთმანეთთან დიდხნიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ამასთან, გაერთიანებისთვის ბევრი სხვა მიზეზიც უწყობთ ხელს.

"ეს რაღაცნაირი სანტა-ბარბარა, მე მგონი, ბოლოსკენ უნდა გავიდეს დღეს საღამოს. მე მგონი, არცერთ ძალას ცალ-ცალკე ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვს, ამიტომ, უმჯობესია, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს და, შესაბამისად, გაერთიანდეს ეს ხალხი.

ეს ადამიანები, "ლელოც" და გახარიებიც, დიდი ხნის ნაცნობები არიან, დიდი ხანია ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონდათ. მიუხედავად პრეზიდენტის ამხელა "მაჭანკლობისა" და ენერგიის დახარჯვისა, კიდევ ყოყმანობენ და ვერ დგამენ ნაბიჯს და წარმოიდგინეთ, რომ ამ ხალხმა იცოდეს და დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ბარიერს ლახავს, სათოფეზე არ მიეკარებოდა ერთმანეთს და ისევ შორეული ლანძღვა-გინებით აიკლებენ გარემოს. ბარიერის გადალახვა, გასაგებია, რომ ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოგეხსენებათ, რომ როცა ბარიერია გადასალახი, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში წყენებს ადვილად ივიწყებენ. ასევე, "ლელოს" ფული აქვს, რომელიც ბევრ საკითხებს ამარტივებს და წინააღმდეგობებს არბილებს. იქ, სადაც ლაპარაკი შეიძლება იყოს უძლური, იმ ადგილას ფული იმუშავებს. სადაც ფულიც და ლაპარაკიც მაინცდამაინც ვერ შველის, პრეზიდენტის ინსტიტუტის მაჭანკლობა არის შუაში...

ჩემი აზრით, მთავარი კონკურსი მიდის იმაზე, ვინ უფრო "მაჩო" არის ამ ორ ლიდერს, გახარიასა და ხაზარაძეს შორის, იმიტომ, რომ ორივეს თავი პირველი კაცი ჰგონია, ერთს ყოფილი პრემიერობის გამო, ხოლო მეორეს იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს. ჩემთვის ორივე ერთნაირია, მე მაგათ ვერ გავყოფ. მე მგონია ახლა ერთმანეთს უმტკიცებენ, ვინ უფრო მაგარია ამაში, მაგრამ, მე ვფიქრობ, გახარიამ უნდა დაუთმოს. რომ გითხრათ პოლიტიკური დივიდენდი რომელიმეს უფრო მეტი აქვს ან უფრო მეტი რეპუტაცია აქვს, ამას ვერ ვიტყოდი. ამიტომ,ე ვფიქრობ, მთავარი უნდა იყოს ის, ვისაც მეტი ფული აქვს. ვფიქრობ, ახლა ამაზე მიდის საუბარი - იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბატონი ხაზარაძე თუ ბატონი გახარია," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ და დასძინა, რომ მისი აზრით, მათი გაერთიანებით პოლიტიკურ ველზე არაფერი შეიცვლება.

ცნობისთვის, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია პირისპირ შეხვედრას მართავენ. შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია. გიორგი გახარიას პირისპირ შეხვედრა მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ სთხოვა, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან სადილზე მიპატიჟება მიიღო.

როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში აღნიშნა, მისთვის უმჯობესი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე გიორგი გახარიას გასაუბრებოდა. მოგვიანებით, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის მზაობა პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემაც გამოთქვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის მამუკა ხაზარაძის თხოვნას ითვალისწინებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი შეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ძლიერი საქართველო" სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. პრეზიდენტთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გახარიას თხოვნით, დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო.

დღის ამბები